რა გავლენა იქონია სასამართლო პროცესებზე პანდემიამ? საიამ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის პირველი ერთწლიანი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც შეფასებულია საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში ჩატარებული სხდომები.
კვლევაში მოხვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოც. დოკუმენტში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა სხდომები, როგორ იკვლევდნენ მტკიცებულებებს მაშინ, როცა პროცესები დისტანციურად ტარდებოდა.
კვლევის ავტორების თქმით, დაფიქსირდა 6 შემთხვევა, როდესაც ნივთიერი მტკიცებულება დისტანციურ სხდომაზე გამოიკვლიეს. გამოიკვეთა ისიც, რომ პრობლემურია პენიტენციური დაწესებულებებიდან პატიმართა დისტანციურ სხდომებზე ჩართვა.
რაც შეეხება სათანადო სასამართლო კონტროლს, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საანგარიშო პერიოდში, გასული წლის მარტიდან 2021 წლის მარტამდე , აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს და პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელმა ჯამში 98% შეადგინა. სასამართლომ კი უფრო მეტ შემთხვევაში გამოიყენა პატიმრობა და არცერთ შემთხვევაში არ გამოიყენა პირადი თავდებობა.
კვლევაში ნათქვამია, რომ ზოგჯერ გადაწყვეტილებები პატიმრობისა და გირაოს შესახებ იყო დაუსაბუთებელიც.