სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში უამრავი კონფლიქტია, ვცდილობთ, ერთმანეთს დავეხმაროთ - ნიკოლ ფაშინიანი

08 სექტემბერი 2021, 16:19 1210 ნახვა

მადლობა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ივნისში 15 მძევლის დაბრუნებაში გაწეული მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„იმ დღეებში ჩვენ ტელეფონით ბევრჯერ დავუკავშირდით ერთმანეთს და მე ხუმრობით ვამბობ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში საქართველოს პრემიერთან უფრო მქონდა კონტაქტი, ვიდრე წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენს ამომრჩევლებთან. იმ დღეებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ურთიერთობის ახალ დონეზე ჩამოყალიბება“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინინამა.

სომხეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობას სომხური დიასპორისთვის შესაძლებლობების შექმნისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობას მოვახსენებ საქართველოს მთავრობას იმ შესაძლებლობებისთვის, რაც შექმნილია საქართველოს სომხების თვითმყოფადობის განვითარებისა და შენარჩუნების საქმეში. ეს თემა ჩვენ გვაერთიანებს და ჩვენს ურთიერთობას უფრო შედეგიანს და სტრატეგიულს ხდის“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს ერთმანეთთან საუკუნეების განმავლობაში მეგობრობა აკავშირებს.

„ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში არის უამრავი კონფლიქტი და საშიშროება. ჩვენ ვცდილობთ, დიალოგში ერთმანეთს დავეხმაროთ, ყურადღება გავამახვილოთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც არსებობს. ვფიქრობ, შესაძლებლობების გამოყენების საკითხში ერთმანეთის მხარდაჭერა ის ფორმულაა, რომელიც ჩვენთვის უფრო შესაძლებელსა და ხელმისაწვდომს გახდის რისკების მართვას“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში