''მობილურ კლინიკებში'' მოქალაქეები 6 დაავადებაზე სკრინინგს უფასოდ შეძლებენ

03 სექტემბერი 2021, 11:20 880 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. მობილურ კლინიკებში მოქალაქეებს 6 დაავადებაზე სკრინინგი უფასოდ შეეძლებათ. პროექტი 13 აგვისტოდან ხორციელდება და ტუბერკულოზის, COVID-19-ის, C ჰეპატიტის, აივ/შიდსის, დიაბეტის და არტერიული ჰიპერტენზიის ერთდროულ დიაგნოსტიკას უზრუნველყოფს.

''მობილური კლინიკები'' საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოსაა განთავსებული. 

უწყების ინფორმაციით, დადებითი შედეგის მქონე პირები შესაბამის კლინიკაში იგზავნებიან. დაცულია კონფიდენციალობის პრინციპები. გამოკვლევები კი ნებაყოფლობითია. 

დღემდე უფასო სკრინინგის პროგრამით 615-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. 

პროექტის მიმდინარეობას აჭარის ჯანდაცვის დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, ე.წ. ,,ოცნების ქალაქში“ გაეცნო.

პროექტი ხორციელდება საქართველოს ფთიზიატრთა  და პულმონოლოგთა ასოციაციის, აჭარისა და ზემო სვანეთის საზოგადოებრივი ცენტრების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის ეგიდით.

აქტიურ სკრინინგს ახორციელებენ:
-    ექიმი ფთიზიატრი-პულმონოლოგი;
-    რადიოლოგი;
-    ლაბორანტი;
-    ეპიდემიოლოგი/შემთხვევის მენეჯერი;
-    ოჯახის ექიმი/სოფლის ექიმი.
  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი