„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

02 სექტემბერი 2021, 11:20 949 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ და პარტიის წევრებმა 19 აპრილის შეთანხმებას  ხელი მოაწერეს. ისინი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დღეს მივიდნენ. 

„ქართულ ოცნებას“ არ ვაძლევთ იოტისოდენა შესაძლებლობასაც კი, რომ 2 ოქტომბრის შემდეგ, 3 ოქტომბრის დილით რაიმე სახის ხელმოსაჭიდი ჰქონდეს და თქვან, რომ ისინი არ ჩანიშნავენ ვადამდელ არჩევნებს“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ''ქართული ოცნების'' მმართველობის პირობებში  საგარეო პოლიტიკური კურსი იცვლება.

''არის მომენტი, როდესაც შენს თავზე მაღლა უნდა დადგე, არის მომენტი, როდესაც შენი სამართლიანი პოზიციაც კი გვერდზე უნდა გადადო და მიიღო სწორი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, ვინაიდან ჩვენ გვყავს უკვე ღიად დეკლარირებული ხელისუფლება, რომელიც არც კი ერიდება გააკეთოს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, რომელიც უბრალოდ ეწინააღმდეგება ჩვენს ტრადიციულ საგარეო კურსს.

ჰყოფნით კადნიერება „ქართულ ოცნებაში“ მაღალი თანამდებობის პირებს და საუბრობენ, რომ თურმე ევროკავშირს სურს „სახელოვანი“ ქართული სასამართლო სისტემის განადგურება. შესაბამისად, ისინი არ თვლიან მიიღონ დახმარება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ისინი არ ერიდებიან ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო პარტნიორის გაკრიტიკებას და მოუწოდებენ მას საკუთარ თავს მიხედონ. ისინი აკრიტიკებენ პრაქტიკულად ყველა ევროპარლამენტარს და ეუბნებიან, რომ „თქვენ არ ხართ ჩვენი უფროსები“.

ახლა გვაქვს შემდეგი მოცემულობა, ერთი მხრივ, აკეთებენ იმას, რაც ანტისახელმწიფოებრივია ანუ ზურგს აქცევენ ყველა სახის საერთაშორისო შეთანხმებას და ამას ამატებენ კონკრეტულ განცხადებებს, რითაც გვაყენებენ იმ რეალობის წინაშე, სადაც სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ'' - განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის შეთანხმებას შეუერთდებოდა. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტი 19 აპრილს გაფორმდა. თავდაპირველად „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტს არ შეუერთდა. მოგვიანებით კი „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმების ანულირების შესახებ განაცხადა. 

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში