თვითმმართველობის არჩევნების გადადების ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი არსებობს, ეს არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და როცა სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს თავისთავად უკვე ანომალიაა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძე, სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული ეპიდვითარების ფონზე, პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა უნდა იმსჯელონ, მიზანშეწონილია თუ არა არჩევნების ჩატარება.
"პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ არჩევნების გადადების ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი არსებობს, ეს არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, როცა სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს თავისთავად არის უკვე ანომალია, შეიძლება ითქვას. ამას რომ თავი დავანებოთ, დღეს ვხედავთ, რომ გაშლილია "ნაცმოძრაობის" ერთიანი კამპანია თვითმმართველობის არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, რაც არის საარჩევნო მარცხის წინასწარი აღიარება და ბუნებრივია, ამას საზოგადოება სათანადო პასუხს გასცემს.
ეს არის არჩევნების მიმართ შიშის გამოხატულება, ჩვენ ასეთივე კამპანია გვახსოვს წინა წლიდან, 2020 წელსაც ნინო ლომჯარიამ დაიწყო ეს კამპანია, შემდეგ „სირცხვილიამ“ გააგრძელა, ამჯერადაც დაიწყო ნინო ლომჯარიამ და შემდეგ გააგრძელა „სირცხვილიადან“ მიშა მშვილდაძემ ეს კამპანია. ნიშანდობლივია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და მეტყველებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ეშინია იმ არჩევნების, რომელიც არის კარს მომდგარი. ეს იკითხებოდა 2020 წელსაც, როცა ეს კამპანია გახსნა სახალხო დამცველმა და სამწუხაროდ, დღესაც ერთიანად გაიხსნა ეს კამპანია და ეს გახსნა ნინო ლომჯარიამ, შემდეგ ამას აჰყვა „ნაციონალური მოძრაობა" თავის სხვადასხვა განშტოებით, ეს არის ძალიან ცუდი მოვლენა, ყველა უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის და უნდა აჩვენონ საზოგადოებას თუ რისი რესურსი აქვთ“, - განაცხადა კობახიძემ.