მერაბ ღოღობერიძე სამართალდამცველებმა დააკავეს

19 აგვისტო 2021, 15:35 5802 ნახვა

ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე დააკავეს.

ინფორმაციას მისი ადვოკატი, ზაზა პაპიძე ადასტურებს. მისივე თქმით, მერაბ ღოღობერიძე დღეს დილით სახლიდან გამოსვლისას ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

ღოღობერიძე ამჟამად ბათუმის ფინანსური პოლიციის  შენობაში იმყოფება.

ზაზა პაპიძე ამბობს, რომ გამომძიებელი ერეკლე ჩხენკელი მას მისი დაცვის ქვეშ მყოფთან არ უშვებს, შესაბამისად არ ეძლევა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის საშუალება.

პაპიძე მომხდარს საადვოკატო საქმიანობის ხელის შეშლად აფასებს და შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ადვოკატის ვარაუდით, დაკავება ეხება წიაღისეულის უკანონოდ მოპოვებას, რაზეც გამოძიება მიმდინარეობდა.

მაისში პოლიცია ღოღობერიძის ორგანიზაციის საქმიანობით დაინტერესდა. ღოღობერიძე საქმის დეტალების გასაცნობად მივიდა, გამომძიებლები კი არ შეხვდნენ. სწორედ, ფინანსური პოლიციის შენობასთან სცადა მან თავის დაწვა. 

აჭარის მაუწყებელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რამდენიმე წუთის წინ განუცხადეს, რომ ადვოკატი მერაბ ღოღობერიძესთან შეუშვეს, თუმცა ამ ეტაპზე დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში