საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს უფლება თავის ტერიტორიაზე გამართოს ნებისმიერი სახის სწავლება - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც დიპლომატიური უწყება, სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2016"-ის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას პასუხობს. საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული მანევრები არ არის მიმართული არც ერთი მხარის წინააღმდეგ და ანალოგიური სამხედრო წვრთნები საქართველოში გასულ წელსაც ჩატარდა. ”საქართველოს სუვერენული უფლებაა თავად განსაზღვროს სამხედრო სფეროში პარტნიორი ქვეყნები და მათთან თანამშრომლობის ფორმები. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული მანევრები არ არის მიმართული არც ერთი მხარის წინააღმდეგ. ანალოგიური სამხედრო წვრთნები საქართველოში გასულ წელსაც ჩატარდა. მსგავსი სწავლებებით საქართველო აღრმავებს პარტნიორებთან თანამშრომლობას სამხედრო წვრთნებისა და განათლების სფეროებში, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის” - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.