პოლონელი ტურისტის დაჭრის საქმეზე ბრალდებულის მიმართ შეურაცხადობის გამო სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა განესაზღვრა

12 აგვისტო 2021, 14:43 1177 ნახვა

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლონელი ტურისტის ი.კ.-ს მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის მიმართ შეურაცხადობის გამო სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, ბრალდებული, ხულიგნური ქვენაგრძნობით, სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა საქართველოში ტურისტული ვიზიტით მყოფ პოლონეთის მოქალაქე ი.კ.-ს და განზრახ მოკვლის მიზნით, მას სხეულის სხვადასხვა ადგილებში, დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, პოლონეთის მოქალაქის გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა. ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და შესაბამისად, მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით, გამოძიების მიმდინარეობისას დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებული დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით – პარანოიდული შიზოფრენიით (კოდი – F20.0; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). შესაბამისად, დანაშაულის ჩადენის დროს მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედებები. ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ბრალდებულს არ შესწევს უნარი ანგარიში გაუწიოს თავს, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ასევე, მისი ფსიქიკური მდგომარეობა ხელს უშლის სასჯელის მოხდას, რადგან არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და არსებობს საკუთარი თავის და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბრალდებული იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას საჭიროებს.

ამდენად, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა“-აცხადებენ პროკურატურაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი