ხვალიდან აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება

05 აგვისტო 2021, 18:41 1164 ნახვა

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს საშუალება აქვთ განაცხადით მომართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 6 აგვისტოს 10:00 საათიდან 10 აგვისტოს 18:00 საათამდე, - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge.

"აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება. სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქციაა:

აპელაციისათვის განკუთვნილ ბმულზე გადასვლის შემდეგ შესაბამის ორ ველში უნდა შეიყვანოთ პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ უნდა დააჭიროთ ღილაკს „შესვლა“, შემდეგ კი „განაცხადის შევსება“ და დაიწყოთ იმ გამოცდების მონიშვნა, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ.

საგნის მითითების შემდეგ უნდა აირჩიოთ დავალებები. თუ გსურთ გაასაჩივროთ მთელი ნაშრომი, უნდა მონიშნოთ სათითაოდ ყველა დავალება.

თქვენ მიერ დამუშავებულ ინფორმაციას სისტემა ინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა.

გაითვალისწინეთ: დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს „გაგზავნა“. გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.

გაითვალისწინეთ: ორი ან მეტი გამოცდის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოთ შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისათვის სისტემიდან გამოსვლის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოთ განაცხადი. თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, საგანს ვერ აირჩევთ.

აპელაციის საფასურს იხდით სააპელაციო განაცხადის შევსებამდე. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან დაბრუნდება). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს გამოსაცდელის პირადი ნომერი და საჭიროების შემთხვევაში გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიოა:

1. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

2. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;

3. ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

4. "საქართველოს ბანკის" ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

საფასურის გადახდა შეუძლია როგორც აბიტურიენტს, ისე იმ პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს აპლიკანტის შესაბამის მონაცემებს. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.

იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი უკვე გადმოგზავნილი გაქვთ და გაგიჩნდათ სურვილი დაამატოთ დავალება/დავალებები ან სხვა საგანი/საგნები, უკვე გადმოგზავნილი განაცხადი უნდა გააუქმოთ წერილობით.

გაუქმების თაობაზე უნდა მოგვმართოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში: თბილისი, ე. მინდელის ქ. N9, რეგიონებში კი - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: gancxadebebi@naec.ge.

გაუქმების შემდეგ განმეორებით მოგეცემათ უფლება გააკეთოთ ახალი სააპელაციო განაცხადი აპელაციისათვის დადგენილ ვადებში.

აბიტურიენტს, რომელიც 10 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს სააპელაციო განაცხადს, თანხა დაუბრუნდება უკან. ასევე თანხა სრულად ბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე აპელაციის დროს ქულის ცვლილების (დაკლების ან მომატების) შემთხვევაშიც. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი