საქართველოს შსს-მ საერთაშორისო სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა - დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების ორი წევრი, ამოღებულია 368 კგ „ჰეროინი“

27 ივლისი 2021, 10:45 857 ნახვა

შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, უკრაინაში ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ჩატარებულ საერთაშორისო სპეცოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა.

მათივე ცნობით, რვა თვის განმავლობაში მიმდინარე მასშტაბურ სპეცოპერაციაში სამი ქვეყნის - სომხეთის, საქართველოს და უკრაინის სამართალდამცველები მონაწილეობდნენ.

პოლიციამ მიმდინარე წლის 22 ივლისს, ქალაქ კიევში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე დააკავა ორგანიზებული დაჯგუფების ორი წევრი, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან.

"სომხეთის, საქართველოს და უკრაინის სამართალდამცველები, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების მხილების მიზნით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს.

ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში დადგინდა, რომ ტრანზიტულად გადასაზიდ ტვირთში დამალული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს გავლით, უკრაინაში უნდა ყოფილიყო გადაზიდული, საიდანაც, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, მისი ცენტრალურ ევროპაში გატანა მოხდებოდა.

პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობის, დაახლოებით 368 კგ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულება შავ ბაზარზე დაახლოებით 75 000000 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოძიებას უკრაინელი სამართალდამცველები განაგრძობენ. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში