ძლიერი წვიმა და წყალდიდობა გრძელდება რიზეს პროვინციაში. სი-ენ-ენ-თურქისთვის მიცემულ ინტერვიუში პროვინციის გუბერნატორმა ქემალ ჩებერმა განაცხადა, რომ ბოლო 12 საათის განმავლობაში რეგიონში ერთი კვადრატული მეტრის ფართობზე 110 კილოგრამი ნალექი მოვიდა. გუბერნატორის თქმით, უგზოუკვლოდ დაკარგულთა სიაში მყოფი ყველა ადამიანი იპოვეს. ამ დროისთვის სტიქიის შედეგად დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს თქმით, რიზესა და ართვინში უხვი ნალექი ხვალაც მოსალოდნელია. მინისტრი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის ტრაპიზონში გენერალურ საკონსულოში ცხელ ხაზზე საქართველოს დაზარალრბული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.