ახლა სექტორის ჩაკეტვა სრულ კოლაფსს გამოიწვევს - შალვა ალავერდაშვილი

21 ივლისი 2021, 12:59 1045 ნახვა

ახლა ქვეყნის ჩაკეტვა, ისევ ''კომენდანტის საათის'' დაწესება და რეგულაციების გამკაცრება ნიშნავს, რომ ჩვენ ვეღარაფერს გავაკეთებთ. ეს სრულ კოლაფსს გამოიწვევს, ეს დაეტყობა როგორც ტურიზმის სექტორს, ასევე ეკონომიკას - ეს განცხადება “სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა გააკეთა. 

''გასაოცრად სწრაფი ტემპით დავიწყეთ აღდგენა, თბილისში ივნისში დატვირთულობის კოეფიციენტმა 50% მიაღწია, ივლისში კი 65%-ს. რაც ზოგადად ძალიან კარგია. 

ამ ეტაპზე ლიდერობს გალფის ქვეყნები, საიდანაც საკმაოდ ბევრი სტუმარია. გვყავს ტურისტები უკრაინიდან, ბელორუსიდან. თანდათანობით ვიწყებთ ევროპიდან ჯავშენების მიღებას, თუმცა ეს არის თითზე ჩამოსათვლელი და ზღვაში წვეთია.

სანამ ქვეყანაში ასეთი კატასტროფული მდგომარეობა იქნება აცრის მხრივ ევროპული სტუმრები ნამდვილად თავს შეიკავებენ. ყველა უყურებს სტატისტიკას და აცრილთა რაოდენობას ქვეყანაში. მინდა მოქალაქეებს ვაქცინაციის გააქტიურებისკენ მოვუწოდო.

რეალურად ბიზნესმა აღდგენა დაწყო მაისიდან, მაისამდე სექტორს 30 მილიონამდე ლარი ჰქონდა სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიების. ეს კომპანიები ამჯერადაც გვენდნენ პროდუქცია მოგვცეს და ახლა რასაც ვაკეთებთ  პირველი ამოცანაა ამ ვალების ჩახურვა. სავარაუდოდ აგვისტოდან შუა რიცხვებამდე ვალებს დავფარავთ. შემდეგ უკვე დადგება ბანკების ჯერი'' - განაცხადა ალავერდაშვილმა. 

მისივე თქმით, ძალიან დიდი პრობლემაა პერსონალის დეფიციტი. ისინი არ ბრუნდებიან და უფრო დაბალ ანაზღაურებად სამსახურებში რჩებიან. 

''პერსონალი არ გვენდობა, ჩვენთან არ ბრუნდება. იმდენად ხშირად არის ლაპარაკი იამზე, რომ შესაძლოა ისევ ჩავიკეტოთ. ამიტომ ადამიანები ჩვენი სექტორიდან გადავიდნენ და სხვაგან იშოვეს სამსახური, ამ ეტაპზე არ დაბრუნდნენ. ​ფიქრობენ, რომ ერთი თვის შემდეგ შესაძლოა ისევ ჩაიკეტოს. ეს მოლოდინი ძალიან ცუდია'' - განაცხადა  “სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში