შინაგან საქმეთა სამინისტრო "ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების კადრებს ასაჯაროებს. მათივე ცნობით, კადრები გარდაცვალების წინა დღესა არის გადაღებული. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, ტელეკომპანია პირველის ოპერატორის - ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ.
როგორც უკვე განვაცხადეთ, მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ შერჩეული დამოუკიდებელი ექსპერტი.
გამოძიების მიმდინარეობისას, სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის გარდა, აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის მიმდინარეობს გამოკითხვები იმ პირების, რომელთანაც ბოლო პერიოდში გარდაცვლილს ჰქონდა შეხება.
ვსწავლობთ მისი გადაადგილების მარშრუტის ამსახველ კადრებს, ასევე ვახდენთ მასთან კავშირში მყოფი პირების იდენტიფიცირებას და გამოკითხვას.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვთხოვთ გარდაცვლილის ოჯახს და მის მეგობრებს ითანამშრომლონ გამოძიებასთან და საგამოძიებო ორგანოს მიაწოდონ გარდაცვლილის კუთვნილი მობილური ტელეფონი, ვინაიდან მასში შესაძლებელია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდეს.
აქვე, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვასაჯაროვებთ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების კადრებს რაც ამ დროისთვის არის მოპოვებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში.
ალექსანდრე ლაშქარავა მოპედის საშუალებით გუშინ დღის განმავლობაში მის მეგობართან ერთად, რომელიც ამ ეტაპზე არის საგამოძიებო ორგანოში და მიმდინარეობს მასთან საგამოძიებო მოქმედებები, იმყოფებოდა თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე თავს იკავებს წინასწარი ვერსიების გახმოვანებისგან, რაც ისევ და ისევ ოჯახის და გარდაცვლილის ინტერესებიდან გამომდინარეობს.
კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ნაადრევი დასკვნებისგან და დაელოდონ გამოძიებას”,- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.