ჩვენი მხრიდან ცალსახად და თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვა რთული იქნებოდა - ალექსანდრე დარახველიძე 5 ივლისის ღონისძიებაზე

07 ივლისი 2021, 15:47 1072 ნახვა

5 ივლისის ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან ცალსახად და თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვა რთული იქნებოდა, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება 5 ივლისის ღონისძიებას ჩვენი მხრიდან ცალსახად და თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ ღონისძიების მასშტაბების, მონაწილე პირთა რაოდენობის და იმ ფორმატის გათვალისწინებითაც რა ფორმატითაც იყო შემოთავაზებული ეს ღონისძიება, რთული იქნებოდა უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვა. გასათვალისწინებელი იყო წარსული გამოცდილება მსგავსი ღონისძიების ჩატარების, ასევე შეხვედრა შედგა შს მინისტრსა და დიპლომატიური წარმომადგენლობის პირებთან, სადაც შს მინისტრის მიერ გაცხადებული იქნა, რომ 1-3 ივლისის ღონისძიებასთან მიმართებაში სრულად იქნებოდა დაცული მონაწილეთა შეკრება მანიფესტაციის უფლება. ხოლო რაც შეეხება 5 ივლისის ღონისძიებას არსებობდა სერიოზული რისკები, რაც ღია და დახურული წყაროებიდან შს სამინისტროს ჰქონდა.

 

მიუხედავად ჩვენი არაერთი გაფრთხილებისა ღონისძიების ორგანიზატორები არ განიხილავდნენ ღონისძიების არც ფორმატის, არც მასშტაბის შეცვლას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთავაზობდით ალტერნატიულ ლოკაციებს, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მსგავსი ღონისძიების ჩატარება“, - განაცხადა დარახველიძემ.

მისივე განცხადებით, გაეროს სახლში, გამართულ კიდევ ერთ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები განხილული იქნა უშუალოდ 5 ივლისს ღონისძიების საკითხები.

"სამინისტროს მხრიდან პრაიდის ორგანიზატორებს მიეწოდათ ინფორმაცია მოსალოდნელი რისკების შესახებ. კერძოდ, განემარტათ, რომ ღია და ოპერატიული წყაროებით, მოპოვებული ინფორმაციით, ხდებოდა მოქალაქეების დიდი რაოდენობის მობილიზება, რომლებიც გეგმავენ კონტრაქციის ჩატარებას არაერთ ლოკაციაზე. მათ შორის განემარტათ, რომ ეს შეკრებები შესაძლოა გახდეს საფრთხის შემცველი და მოულოდნელად ამ ლოკაციებიდან განხორციელდეს თავდასხმები მარშის დაწყების შემდეგ მათ მონაწილეებზე.

სამინისტროს მხრიდან შეხვედრაზე დაფიქსირდა პოზიცია, რომ ტექნიკურად და სტრატეგიულად აბსოლუტურად განსხვავებულია კონკრეტულ ლოკაციაზე გამართული და მოძრავი დემონსტრაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იმ გარემოებების გათვალისწინებით, როდესაც დაგეგმილია არაერთი მასშტაბური კონტრაქცია. მათ უსაფრთხოებიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ შეეთავაზათ სხვა სივრცეში ღონისძიების ჩატარება სადაც პოლიცია უზრუნველყოფდა ღონისძიების მშვიდობიანად ჩატარებას.

მიუხედავად ამისა, მათი მხრიდან ცალსახად, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია რომ შეთავაზებულ ტერიტორიაზე მსვლელობის მოწყობას არ განიხილავდნენ"- განაცხადა დარახველიძემ.

შსს-ს სრული განმარტება "თბილისი პრაიდის" კვირეულში გამართული ღონისძიებების ფარგლებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ იხილეთ ლინკზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი