რომან ქედელიძე ''ქართული ოცნების'' რიგებიდან გარიცხეს - ის გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა 

02 ივლისი 2021, 14:29 2956 ნახვა

''ქართული ოცნების'' რიგებიდან ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გარიცხეს. ის გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. რომან ქედელიძე საკრებულოში მმართველი გუნდის კვოტით შევიდა და ფრაქცია ''ქართული ოცნება-მრეწველების''  წევრი იყო.

ფრაქციის თავმჯდომარე თანაგუნდელის გარიცხვის მიზეზად გუნდთან შეუთანხმებლობასა და დისციპლინარულ გადაცდომებს ასახელებს,  მეტი კონკრეტიგისგან კი თავს იკავებს. 

''უპასუხისმგებლო დამოკიდებულებებისა და დისციპლინარული დარღვევისათვის, რაც გამოიხატებოდა საკრებულოს წევრის რომან ქედელიძის ბოლოდროინდელ ქცევებსა და საუბრებში, მიუღებელია ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობისათვის, ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია მისი უმრავლესობიდან გარიცხვა'' - აცხადებს ჯუმბერ დიმიტრაძე. 

მმართველი გუნდის რიგებიდან გარიცხული დეპუტატი კი ამბობს, რომ იგი გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. გადაწყვეტილება კი რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით მიიღო.

'''ქართულ ოცნებას'' იმიტომ დავუპირისპირდი, რომ ''ნაციონალური მოძრაობის'' გზას დაადგნენ. ამიტომ გიორგი გახარიასთან ვიმუშავებ, პარტია ''საქართველოსთვის'' ოფიციალურად შევუერთდი'' - განაცხადა ქედელიძემ.  

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში