ხვალ, პირველ ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამოცდაზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული, რადგან ვირუსის გავრცელება არ მოხდეს.
თამარ გაბუნიას თქმით, გასულ წელს ეროვნულ გამოცდებს ეპიდვითარებაზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.
'' რა თქმა უნდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საყურადღებოა და ამაზე ყოველდღიურად ვსაუბრობთ. ეროვნული გამოცდებისთვის მოთხოვნები არის მკაცრი და უკვე აპრობირებული. გამოცდების ცენტრმა ძალიან დეტალურად გაირა მზაობის ყველა მომენტი. გასულ წელს არანაირი უარყოფითი შედეგი არ გამოუწვევია. წელს დამატებით გარკვეული ცვლილებები შევიდა. მოთხოვნები უფრო გამკაცრდა. პირბადის ტარება ეს არის მნიშვნელოვანი, რაც მოგვცემს საშუალებას თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება'' - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საგამოცდო ცენტრი წელსაც მოაწყობს საკარანტინე სივრცეებს იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული Covid 19.
თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით, მაგიდებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი.
კონდიციონერები ირთვება 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში.