საქართველო მსოფლიო თასს მიღმა საფრანგეთს დაუპირისპირდება

02 ივნისი 2021, 15:48 1501 ნახვა

14-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი საფრანგეთის ნაკრებთან ითამაშებს.

შეხვედრა 14 ნოემბერს, ბორდოში „სტად მატმუტ-ატლანტიკზე“ გაიმართება. ქართველი მორაგბეები 2021 წლის ექვსი ერის ვიცე-ჩემპიონებს აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2007 წლის მსოფლიო თასზე შეხვდნენ და 7:64 დამარცხდნენ. მაშინ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ზვიად მაისურაძის დადებული ლელო მალხაზ ურჯუკაშვილმა გარდასახა.

შემოდგომაზე ქართველებთან თამაშამდე ფრანგები 6 ნოემბერს არგენტინის, 20 ნოემბერს კი ახალი ზელანდიის ნაკრებთან ითამაშებენ. საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრები გუნდები მსოფლიო თასის მიღმა აქამდე არასოდეს შეხვედრიან.

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები 26 ივნისს ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს თელავში უმასპინძლებს. ამის შემდეგ 2 და 9 ივლისს მსოფლიო ჩემპიონს, სამხეთ აფრიკის ნაკრებს ესტუმრებიან. 17 ივლისს კი საქართველოში მეორედ ჩამოვა შოტლანდიის ეროვნული გუნდი .

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში