ბათუმის შავი ზღვის ბიჭები საქართველოს ხელბურთის ჩემპიონია. ბათუმელებმა 7 მეტრიანების სერიაში შეძლეს ქუთაისის დამარცხება და საქართველოს ჩემპიონობა მეოთხედ იზეიმეს.
დრამა, დაძაბულობა, დიდხნიანი პაუზა და 7 მეტრიანების სერია - ფინალურ მატჩში ყველაფერი შედგა.
პირველი ნახევარი ბათუმელი ხელბურთელების უპირატესობით წარიმართა და 14-8 მოიგეს.
მეორე ნახევარში ქუთაისი გააქტიურდა. იმერლებმა ანგარიშის შემცირება დაიწყეს მატჩის ბოლო წუთზე კი გაათანაბრეს კიდეც. შეხვედრის დრამატიზმი და მოზღვავებული ემოციები, სწორედ ბოლო წუთზე გამძაფრდა.
მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ანგარიში 25-25 იყო. მსაჯების გადაწყვეტილებით კი ბურთი რიონისპირელებს უნდა დარჩენოდათ, რასაც ბათუმელ მწვრთნელთა სტაფის პროტესტი მოჰყვა. ეს ეპიზოდი დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა, რა დროშიც მთავარმა არბიტრმა ბათუმის სტაფიდან ორი პირი ბარათით დასაჯა და დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.
საბოლოო ჯამში მატჩი გაგრძელდა და დარჩენილ 7 წამშიც არაფერი შეცვლილა. ფინალურ მატჩში დამატებითი დრო დაინიშნა, რომელიც ასევე ფრედ 5-5 დასრულდა და საბოლოო ანგარიშით 30-30 რეგლამენტის თანახმად შეხვედრაში 7 მეტრიანების სერია დაიწყო.
როგორც მატჩის ასევე პენალტების სერიაში შესანიშნავად ითამაშა ბათუმის შავი ზღვის ბიჭების მეკარემ გიგა ტორონჯაძემ, რომლიც კარგი თამაშის წყალობით შავიზღვისპირელებმა 7 მეტრიანების სერია 4:3 მოიგეს და კიდევ ერთხელ იზეიმეს საქართველოს ჩემპიონობა.
გასულ სეზონში კორონავისურის პანდემიის გამო ჩემპიონატი გაუქმდა, სადაც ბათუმელი ხელბურთელები პირველ ადგილს იკავებდნენ. ახალ სეზონში კი ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა საქართველოს 2020 წლის თასი მოიპოვეს.
ბათუმის შავი ზღვის ბიჭები საქართველოს ჩემპიონი: 2016 , 2018, 2019 და 2021 წელს გახდა. რაც შეეხება თასს ამ ტიტულის მოგება ბათუმელმა ხელბურთელებმა 2015 , 2019 და 2020 წელ შეძლეს.