თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღნიშნა, რომ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.
"სასამართლო გადააგზავნის ამ გადაწყვეტილებას და შესაბამისად ნიკა მელია გათავისუფლდება დაუყოვნებლივ. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება, უბრალოდ ბიუროკრატიულმა პროცესებმა შეიძლება გარკვეული დრო წაიღოს, თუმცა ის დღეს აუცილებლად დატოვებს საპატიმროს"-განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს გუშინ 9 მაისს მიმართა. 8 მაისს კი ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა.
ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ თანხა გამოყო ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის.
თავდაპირველად, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა გირაო და ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური, რომელიც მან დემონსტრაციულად მოიხსნა 2020 წლის 1 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საპროტესტო აქციაზე. ამის შემდეგ, ნიკა მელიას 40-ათასლარიანი გირაო შეეფარდა, რომელიც მან არ გადაიხადა.
''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარე 23 თებერვალს დააპატიმრეს.
გამოძიება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს 2019 წლის 20-21 ივნისს, ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო მასობრივ დემონსტრაციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მის ხელმძღვანელობას ედავება. მელია ბრალს არ აღიარებს.