სალომე სამადაშვილი საპატიმროში მყოფ ნიკა მელიას შეხვდა. ციხის დატოვების შემდეგ დეპუტატმა განაცხადა, რომ ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარე კმაყოფილია, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდა. მისი მთავარი გზავნილი კი არის შენარჩუნდეს ოპოზიციური ერთობა.
დეპუტატის განმარტებით, ამისთვის რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს.
''მთავარია ერთი პატიმარი გათავისუფლდა და მალე მეორესაც გავათავისუფლებთ. ვისაუბრეთ როგორ შეიძლება შეთანხმების გამოყენება ყველაზე პოზიტიურად, როგორც ნიკას გასათავისუფლებლად ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. იმედი მაქვს რომ ძალიან მალე ნიკაც თავისუფალი იქნება. ვისაუბრეთ მოვლენების სხვადასხვა შესაძლო განვითარებაზე და დაველოდოთ რა მოხდება. ნიკას მთავარი გზავნილია შენარჩუნდეს ოპოზიციის ერთიანობა. მას მიაჩნია, რომ ჩვენ სწრაფად უნდა დავძლიოთ უთანხმოება, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დავიწყოთ'' - განაცხადა სამადაშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე ხომ არ აქვს ნიკა მელიას პოლიტიკური წყენა თანაგუნდელის მიმართ, სამადაშვილი ამბობს, რომ ნიკამ კარგად იცის, გადაწყვეტილების მიღების მოტივი.
''ნიკამ კარგად იცის, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, იყო ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. მან იცის, როგორ ვაფასებ მე პროცესებს, შეიძლება, ის არ ემთხვეოდეს ყოველთვის მის აზრს'' - განაცხადა დეპუტატმა.