უნდა მომეცეს საშუალება, თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში - მიხეილ სააკაშვილი

27 აპრილი 2021, 16:32 662 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად საჭიროა, მას სამშობლოში დაბრუნების საშუალება მიეცეს. მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ  სიტუაციის სრული ნორმალიზაციისთვის რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი, მათ შორის არის ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ასევე ადამიანების პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. 

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა შეიცვალოს პოლიტიკური დიალოგით, დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, მაგრამ ამაზე თვალის დახუჭვა არ გამოვა.

''პარლამენტში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შესვლა, იმ ფონზე როდესაც ქვეყანაში კრიზისი გადალახული არ არის ბევრ რამეზე დაფიქრების საფუძველს იძლევა.

პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა რომ მოხდეს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გადავლახოთ უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისი, საჭიროა, სრული ნორმალიზაცია პოლიტიკური ურთიერთობებისთვის. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე იმ მოთხოვებით, რომელიც მან წამოაყენა და რომელიც არის კანონიერი, ბოლომდე დასაბუთებული.

მეორე უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა უამრავი ადამიანის, მაგალითად, „ნამახვანის“ აქციაზე დაკავებული აჭარელი და სხვა აქტივისტების, იგივე გიორგი მუმლაძის, უამრავი სხვა ადამიანის, რომელიც არის ამ დევნის ობიექტი, არამხოლოდ ბოლო წლებში, არამედ მრავალი წლის განმავლობაში.

მესამე მე უნდა მომეცეს საშუალება, თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა ჩვენს მხარდამჭერებთან, ჩვენს ამომრჩეველთან და ქართულ საზოგადოებასთან. სრული ნორმალიზაციისთვის ეს ნაბიჯებია გადასადგმელი. მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა იყოს, მე ყველა შემთხვევაში ჩამოვალ საქართველოში.

მოვუწოდებ ყველა პარტიას, დადგნენ ვიწროპარტიულ ინტერესზე მაღლა. ნუ ჩათვლით, რომ სააკაშვილი თუ ვერ შემოდის ქვეყანაში ეს გიადვილებთ სიტუაციას. პირიქით, გვიძნელებს! მე მინდა, თქვენთან ერთად გადავლახოთ... მაგრამ მიუხედავად იმისა, თქვენ რას გადაწყვეტთ, მე მაინც დავდგები ჩვენი ხალხის გვერდზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში