არცერთ ტურისტს არ უნდა ჩამოსვლა ქვეყანაში, სადაც ''კომენდანტის საათია'' - მაია სიდამონიძე

23 აპრილი 2021, 16:08 3367 ნახვა

აჭარაში ტურისტული სეზონი ახლოვდება. 23 აპრილის მონაცემებით, ქვეყნაში კვლავ ''კომენდანტის საათია'', საღამოს 9 საათის შემდეგ გადაადგილება აკრძალულია, შაბათ-კვირას არ მუშაობენ რესტორნები, კვირის დღეებში კი სტუმარმა ობიექტი 20:00 საათზე უნდა დატოვოს. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დღეს მესამე ტალღა და კოვიდის შემთხვევების პიკი დააანონსა. 

ამ ვითარებაში რა პერსპექტივა აქვს ტურიზმს აჭარაში და რას ფიქრობენ დარგის ექსპერტები? აჭარის მაუწყებელი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, „პრო-თრეველ ჯორჯიას“ მმართველ პარტნიორს დაუკავშირდა. მაია სიდამონიძის ​ თქმით, არც ერთ ტურისტს არ უნდა ჩამოსვლა ქვეყანაში, სადაც ''კომენდანტის საათია'', დაკეტილია რესტორნები და მუზეუმები.

''დღეს დიდი პრობლემაა მოლოდინის მენეჯმენტი, რასაც სახელმწიფო ვერ ახერხებს, ამის შედეგად კი ზიანდება ტურიზმის ინდუსტრია. ვიცით, რომ რთული ეპიდვითარებაა, შეიძლება ზუსტად ვერ დაგეგმო, მაგრამ სტრატეგია უნდა იყოს. თუ მესამე ტალღაა და ჩავიკეტებით, უნდა ვიცოდეთ რა დაიხურება,  რომ ტურისტებს ადეკვატური პასუხი გავცეთ. ისინი რეკავენ, ჯავშნიან სასტუმროს ნომერს და აინტერესებთ, როდის მოიხსნება შეზღუდვები, ვერაფერს ვპასუხობთ, მუნჯები ვართ, ვეუბნებით, რომ არაფერი ვიცით.

ის ჯავშნები, რაც დღეს აჭარაშია, აბსოლუტურად არც ერთი არ არის გარანტირებული და ექვემდებარება გაუქმებას. არავის უნდა ჩამოსვლა, თუ დახვდება ''კომენდანტის საათი''. საფრთხის წინაშე ვართ, როგორც ზამთრის სეზონი ჩავარდა, იგივე არ დაემართოს ზაფხულის ტურისტულ სეზონს, რომლის მთავარი მასპინძელი აჭარაა. არანაირი ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ შიდა ტურიზმი რამენაირად ამას ჩაანაცვლებს'' - ამბობს მაია სიდამონიძე. 

მისივე თქმით, იზოლაცია გამოსავალი არ არის, რადგან ქვეყანა ეკონომიკურად დიდხანს ვერ იარსებებს. საჭიროა რეგულაციების დაცვა და კონტროლი, მაგრამ არა ''ჩაკეტვები''. კიდევ ერთი ფაქტორი ვაქცინაციაა, რომლის მაჩვენებელიც საქართველოში ძალიან დაბალია. 

''შარშან რაც აჭარაში მოხდა, ეს იყო რეგულაციების არ დაცვის გამო. ადამიანები არ იცავდნენ წესებს და აღსრულებაც არ იყო მკაცრი. ვაქცინაციის ტემპი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის არანაირ ილუზიას არ გვიქმნის რომ ეს კოშმარი მალე დასრულდება.  როდესაც ქვეყანაში ვაქცინირებულ ტურისტებს ვეპატიჟებით და ჩვენი მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია აცრილი, ეს არ არის კარგი მაგალითი'' - ამბობს ტურიზმის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი. 

სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის განცხადებით, ტურისტებისთვის სახმელეთო გზა უნდა გაიხსნას და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. შალვა ალავერდაშვილის ​თქმით, მთავრობამ სამოქმედო გეგმა უნდა წარმოადგინოს.

,,სახმელეთო საზღვარი რეგულაციების დაცვით უნდა გაიხსნას, ისივე როგორც ეს არის საჰაერო მიმართულებით.  ჩვენ პარტნიორებს პასუხს ვერ ვცემთ არ ვიცით რა შევთავაზოთ. როდის დასრულდება ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, კარანტინი. პოტენციურ სტუმრებს უნდა ვუთხრათ ყველაფერი და ვერაფერს ვერ ვეუბნებით. ძაან რთულია ამ ყველაფრის გარეშე უცხოელი ტურისტების მოზიდვა და ტრადიციულად ქართულ ტურისტებზე არ დარჩენა. 

გეგმა არ გვაქვს, რას ვაპირებთ  ისიც კი არ ვიცით. წარმოგიდგენიათ რამე ბიზნესი, წარმოება, სამოქმედო გეგმის გარეშე?“- განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

ტურისტულ სეზონს დადებითი მოლოდინებით ხვდებიან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში. თინა ზოიძის განცხადებით, სექტორი მაქსიმალურად ემზადება ვიზიტორების მისაღებად. მისივე თქმით, უსაფრთხოება დღეს არის მთავარი კრიტერიუმი და რეგიონში უკვე არის განთავსების ობიექტების დიდი რაოდენობა, რომლებმაც გაიარეს შემოწმება და შესაბამის სტანდარტს აკმაყოფილებენ.

"თუ პანდემიის მდგომარეობა იქნება სტაბილური ჩვენს ქვეყანაში და მეზობელ ქვეყნებშიც, ჩვენთან ყველა პირობაა, რომ ჩამოვიდეს ვიზიტორი საქართველოში და დაისვენოს უსაფრთხოდ. ​​პანდემიური ფონი ყოველ 2 კვირაში იცვლება, შესაბამისად, თუ ჩვენს  მეზობელ ქვეყნებში ახლა რთული სიტუაციაა, შესაძლოა რამდენიმე კვირაში ეს მდგომარეობა გამოსწორდეს. 

ფრენების დამატებაც დამოკიდებულია იმ კონკრეტულ ქვეყანაში ეპიდსიტუაციაზე, რასაც ჩვენი ქვეყანა ვერ გააკონტროლებს. ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ არის, რადგან აქ ეპიდვითარება მართულია. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველა ის სტანდარტი, რომ ეპიდვითარება იყოს კონტროლირებადი, რაც ნიშნავს ტურიზმს რეგიონში" - აცხადებს თინა ზოიძე.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პანდემიის დროს ტურიზმის დეპარტამენტი აქცენტს აკეთებს არა გრძელვადიან, მასშტაბურ კამპანიებზე, არამედ წერტილოვან ტურისტული პროდუქტების და საიმიჯო უსაფრთხო სტატუსის პოზიციონირებაზე იმ ქვეყნებთან საიდანაც ჩვენთან ფრენა იქნება.

მისივე განცხადებით, კომენდანტის საათი, შეზღუდვები კვების ობიექტებზე, საათობრივი თუ დღეების მიხედვით ეს სამწუხაროდ ახლავს პანდემიას და ეს არის ზედმეტი შეზღუდვა ტურისტისთვის, მაგრამ ეს არის მიღებული პრაქტიკა მთელს მსოფლიოში.

''პანდემიამ ტურიზმის სფეროს,  განსაკუთრებით აჭარაში, დიდი დარტყმა მიაყენა, სექტორს სახელმწიფოს მხრიდან სჭირდება დახმარება. ამ კუთხით სახელმწიფოს არა ერთ ეტაპზე ჰქონდა რიგი პროექტები და დარწმუნებული ვარ, რომ საჭიროებიდან გამომდინარე აღნიშნული საკითხების განხილვა მოხდება და სექტორთან შეთანხმებით ეს გადაწყვეტილებებიც მიიღება ცენტრალურ დონეზე"- განაცხადა თინა ზოიძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი