გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დარღვევები, არ ჩატარდა ექსპერტიზები, არ დაიკითხა მოწმეები, არ იქნა ამოღებული მტკიცებულებები - გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის ადვოკატი

22 აპრილი 2021, 12:17 2060 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ქაქუთში 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეში მისი უფლებამონაცვლის ადვოკატის ჩართულობა შეწყდა.

თუ რატომ მიიღო გარდაცვლილი ნინი ცეცხლაძის დამ ეს გადაწყვეტილება, ანა თავხელიძე აჭარის მაუწყებელთან საუბრისას აცხადებს, რომ კონფიდენციალობის პრინციპის დაცვით დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

"დაზარალებულის უფლებამონაცვლის ადვოკატი ვიყავი, ამ გზით ვიცავდი ნინის ინტერესს. ხელშეკრულება შეწყდა 12 აპრილს დაზარალებულის უფლებამონაცვლის გადაწყვეტილებით. ჩემთვის ეს იყო სრულიად მოულოდნელი. მე არ შემიძლია ვისაუბრო იმაზე თუ  რამ განაპირობა ეს, რადგან შებოჭილი ვარ კონფიდენციალობის პრინციპით"-განაცხადა იურისტმა.

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი ამბობს, რომ  2 თვის განმავლობაში, რაც საქმეში იყო ჩართული არაერთი დარღვევა დააფიქსირა. მათ შორის გამოძების მიმდინარეობასთან დაკავშირებითაც.

ადვოკატის განმარტებით არ იქნა ამოღებული დახეული ტანსაცმელი, ასევე გამოძიებამ მხედველობაში არ მიიღო, რომ სექსუალური კავშირის დამყარებისას ფიზიკური ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი.

"სათანადოდ არ ჩატარდა გამოძიება საწყისს ეტაპზე, არ დაიკითხა მოწმეები, არ დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. საუბარი არ არის მხოლოდ სექსუალური ძალადობის ნაწილზე, თუმცა აქაც ბევრი რამ არ გააკეთა გამოძიებამ, მაგალითად არ იქნა ამოღებული ბავშვის ტანსაცმელი რაც მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო, ჩვენთვის ცნობილია, რომ არსებობდა დახეული ტანსაცმელი, რაც გამოძიებას დროულად უნდა ამოეღო.

 

აღმოვაჩინეთ, რომ სამედიცინო ექსერტიზის დასკვნაში მითითებული იყო, რომ ფიზიკური ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი სექსუალური კავშირის დამყარების დროს, რაც ბავშვის გაცხადებით იყო ცნობილი, რაც ავტომატურად გაუპატურებას ნიშნავს და არ ნიშნავს თანხმობით სექსუალურ კავშირს. სახეზე იყო არაერთი ნების დამთგრუნველი გარემოება, რაც მხედველობაში უნდა მიეღო გამოძიებას"- აცხადებს იურისტი.

ანა თავხელიძე ამბობს, რომ პროკურატურას კვალიფიკაციის შეცვლის მოთხოვნით მიმართეს, თუმცა უშედეგოდ, სასმართლოშიც განუცხადეს, რომ განხილვაში ვერ შევიდოდნენ.

" როცა გავიგეთ ფიზიკური ძალის გამოყენების ფაქტი, მოვითხოვეთ, რომ ექსპერტები დაკითხულიყვნენ და სამმა ექსპერტმა დაადასტურა, რომ ბავშვს ხელები გაუკავეს და სექსუალური კავშირი ამ გზით დაამყარა ბრალდებულმა.

 

გამოძიების ადრეულ ეტაპზეც უნდა გაჩენილიყო ოჯახში ძალდობის შესახებ ეჭვი, თუმცა მის გარდაცვალებამდე არცერთი ოჯახის წევრი გამოკითხული არ ყოფილა. და ეს არის სერიოზული ჩავარდა. ჩვენ მათი გამოკითხვა მოვითხოვეთ და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ბრალდებულ პირთა წრეც არ გაზრდილა"-აცხადებს ადვოკატი.

იურისტი ამბობს, რომ გამოძიებამ არც ბავშვის სხეულზე ფიზიკური დაზიანებები  შეისწავლა საფუძვლიანად და სრულყოფილად. გარდაცვალების შემდეგაც  აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, ჩვენი ინფორმაციით, მას ფეხზეც ჰქონდა დაზიანება, თუმცა ექსპერტმა მთლიანად არ დაასურათა მისი სხეული.

"გარდაცვლილის სხეული მუხლებამდეა დასურათებული, მის ქვემოთ სადაც ეჭვი იყო დაზიანებების შესახებ არ მოხვდა. ეს არის მყარი ბლაგვი საგნით, გარდაცვალებამდე მიყენებული მსუბუქი დაზიანება. მოვითხოვეთ გამოძიებისგან დაზიანებების წარმოავლობა და შესაბამისი კვალიფიკაცია მიეცათ, თუმცა 12 აპრილის მდგომარეობით ასე არ მომხდარა.

 

ასევე გამოიკვეთა სკოლის მხრიდან ჩავარდნა და დარღვევა. მათ არ მიიღეს საჭირო ზომები ნინის სკოლაში უსაფრთხოდ დასაბრუნებლად. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის წარმომადგენელი იყო ინფორმირებული სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ. ამაზე ინფორმაცია მივაწოდეთ განათლების სამინისტროსაც.

 

იგივე პროკურორი და გამომძიებელი აგრძელებდა საქმის წარმოებას, ვისი მხრიდანაც დარღვეული იყო ნინის უფლებები. ჩვენ მოვითხოვეთ მის მიმართ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გენერალური პროკურატურისგან რეაგირება, თუმცა რაიმე ზემოქმედება არ მომხდარა. შედეგი იყო ის, რომ საქმე ჩამოაშორეს ბათუმის პროკურატურას და გადაეცა აჭარის პროკურატურას"-აცხადებს ანა თავხელიძე.

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩანს პროკურორის, გამომძიებლის და სოციალური მუშაკის ხელის დაფარების მცდელობა.

ანა თავხელიძე მიიჩნევს, რომ ამ 2 თვის განმავლობაში  შეეძლოთ მათი პასუხისმგებლობის საკითხი დაეყენებიანათ და ეს არ გააკეთეს.

იურისტს ეჭვი აქვს, რომ თუ საქმეში არ იქნება ის ადამიანი ვინც ამ პირების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს, ასეთ შემთვევაში შესაძლებელია ვერ მოხდეს სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანა.

14 წლის ნინი, ქობულეთში, 9 თებერვალს, ბაბუამ გარდაცვლილი იპოვა. საქმეზე ორი პირია დაკავებული. 23 წლის კაცი და გარდაცვლილის 76 წლის ბაბუა.

23 წლის ბრალდებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ორი მუხლით, 115-ე და 140-ე მუხლებით. მას გამოძიება მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანას და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას ედავება.

რაც შეეხება გარდაცვლილის ბაბუას, მის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ნინი ცეცხლაძის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, საქმის თავდაპირველი ზედამხედველისა და გამომძიებლის საკითხს გენერალური ინსპექცია სწავლობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი