უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დღეს ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.
საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ამ ეტაპზე არანაირი დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების დაწესებაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა მისივე თქმით, ისინი აკვირდებიან ეპიდვითარებას და ამის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას დამატებითი ღონისძიებების დაწესების თაობაზე.
მისივე განმარტებით, უქმე დღეებში ისეთი სამსახურები, რომელთა მუშაობაც აუცილებელია ქვეყნის გამართულად ფუნქციონირებისთვის მუშაობას გააგრძელებენ და ეს რეგულაციებით განისაზღვრება ის სამსახურები რომლებსაც არ შეეხებათ დასვენების დღეები, დანარჩენი ყველა კი მოექცევა მეორე მხარეს.
"ეს არის სამი სამინისტროს მიერ შემუშავებული ერთობლივი ბრძანება, მიმდინარეობს ახლაც მასზე მუშაობა და უახლოეს მომავალში ეს ბრძანება იქნება საჯარო"-განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
თამარ გაბუნიას განცხადებით, ისინი ჩვენ აზუსტებენ იმ სეგმენტებს, რომლებიც აუცილებლად გააგრძელებენ მუშაობას.
"ეს არის ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის სექტორებში გარკვეული სტრატეგიული მნიშვნელობის სამსახურები და რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ არის გადმოცემული სტრატეგიული ობიექტების სია. იგივე სია მოქმედებდა რამდენიმე თვის წინ გამოცხადებული უქმე დღეების პერიოდში. არის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, რომლებიც აუცილებლად გააგრძელებენ მუშაობას. დანარჩენებს შეეხება უქმე დღეები, როგორც ეს აქამდე იყო. დეტალები ეტაპობრივად დაზუსტდება და შეიძლება ამასთან დაკავშირებით კიდევ დამატებითი განმარტებები გაკეთდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.