საქართველოს პრეზიდენტმა გაკვირვება გამოხატა, რომ მმართველი გუნდი იყენებს მის სახელს მისი თანხმობისა და ნებართვის გარეშე და აკავშირებს შეწყალების კონკრეტულ საკითხთან. სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ შეახსენა, რომ შეწყალება პრეზიდენტის უფლებაა და არა მოლაპარაკების საგანი.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუ სასწორზე დგას პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის გზა, ის მზად არის შეიწყალოს გიორგი რურუა, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს, შევლენ პარლამენტში და ევროკავშირი და აშშ დაადასტურებენ, რომ შეთანხმება შედგა. პრეზიდენტის ადრესატი სავარაუდოდ ახლა, „ნაციონალური მოძრაობაა“ რადგან მათ გარდა, საკანონმდებლო ორგანოში გასულმა თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დააფიქსირა მზაობა დოკუმენტს ხელი მოაწეროს.
პრეზიდენტის ინიციატივას ოპოზიციის ნაწილი პოლიტიკურ ვაჭრობად აფასებს, მეორე ნაწილი კი მიესალმება, მათ შორის ბრალდებულის ადვოკატი.