პრეზიდენტი მზად არის რურუა შეიწყალოს, თუ ყველა მხარე დოკუმენტს ხელს მოაწერს და პარტიები პარლამენტში შევლენ 

19 აპრილი 2021, 16:11 967 ნახვა

მზად ვარ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი და ამბობს, რომ ის გიორგი რურუას შეიწყალეს, თუ ყველა პარტია ხელს მოაწერს შარლ მიშელის დოკუმენტს. პრეზიდენტი ამბობს, რომ ასევე ისინი საკანონმდებლო ორგანოში უნდა შევიდნენ და მუშაობა დაიწყონ. 

ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გიორგი რურუა არცერთი ნიშნით არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში. 

''გადაწყვეტილებას, მით უმეტეს ამ საკითხებში, ვიღებ მოსალოდნელი კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად.  შეწყალების უფლებამოსილება პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკებების საგანია. პრეზიდენტი შეწყალების შესახებ წინასწარ პრინციპულად არ საუბრობს და მოტივაციას არ ასაჯაროებს, თუმცა ამ თემით სხვებისგან გაუთავებლად აპელირება იძულებული გავხდი დავარღვიო ეს პრინციპი და მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რათა სპეკულაცია შეწყდეს.

რურუა არცერთი ნიშნით არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში, ამის მიუხედავად როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემს თავს და მივიჩნევდი და ახლაც მივიჩნევ, რომ თუ სასწორზეა ქვეყნის ჩიხიდან გამოსვლა პრეზიდენტის მოვალეობაა სწორედ საკუთარ პრინციპებზე მაღლა დააყენოს ქვეყანა ამის გათვალისწინებით მზად ვარ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება. მას ვღებულობ მხოლოდ ჩემი პირობით, რომ ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას. 

ეს ნიშნავს, რომ ჩემი გადაწყვეტილება განხორიცელდება მხოლოდ მაშინ, როცა ერთის მხრივ პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორეს მხრივ ევროკავშირის და აშშ-ს წარმოამდგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდან ერთი კვირის ვადაში მოვაწერ ხელს შეწყალების აქტს'' - ამბობს პრეზიდენტი. 

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია, რადგან მმართველი პარტია პრეზიდენტის სახელს მისი ნებართვის გარეშე იყენებს. საუბარია, გიორგი რურუას შეწყალებაზე.

''გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთ კონკრეტულ შეწყალების თემას'' - განაცხადა პრეზიდენტმა. 

შსს-მ “მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. რურუა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ, პოლიტიკური დევნის საფუძველზე, მას იარაღი ჩაუდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში