გენრი დოლიძის მიმართ ადმინისტრაციული დევნა შეწყდა, გიგა ნაკაშიძე კი 500 ლარით დააჯარიმეს 

12 აპრილი 2021, 15:50 995 ნახვა

3 აპრილს, აქციის დროს დაკავებული აქტივისტების გენრი დოლიძის და გიგა ნაკაშიძის სასამართლო პროცესი დასრულდა. 

მოსამართლემ გენრი დოლიძის მიმართ ადმინისტრაციული ​სამართალდარღვევა არ დადგინდა და ის უდანაშაულოდ სცნო, ხოლო გიგა ნაკაშიძე კი გინებისთვის 500 ლარით დაჯარიმდა.

''მტკიცების სტანდარტი უნდა იყოს მაღალი ასეთი დაკავებების დროს. შესაძლებელი იყო, ბევრად ნაკლები ძალის, გამოყენებით ვითარების განმუხტვა. ვიდეო კადრებში სხვა პირები უფრო მეტად არღვევდნენ წესრიგს ვიდრე ეს კონკრეტული ადამიანები'' - განაცხადა მოსამართლემ. 

გერი დოლიძე ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დევნას. პოლიციელებთან დაკავშირებული ინციდენტის გამოძიება კი სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურში გრძელდება.

''მადლობა მინდა გადავუხადო სასამართლოს, იმიტომ რომ კომპლექსურად განიხილა ეს საქმე და პოლიციის მხრიდან ფაბრიკაციით მოტანილი მტკიცებულებები არ გაითვალისწინა. სასამართლომ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სამართალდამცველების მხრიდან ადგილი ჰქონდა ჩემს პოლიტიკურ დევნას. თითოეული ის ადამიანი,  რომელმაც უმიზეზოდ დამაკავა და შემდეგ დაზიანებები მომაყენა, ასევე ჩემს მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, იქნება დასჯილი.  პოლიცია არ უნდა იყოს რეპრესიული რეჟიმის ინსტრუმენტი, პოლიცია უნდა იცავდეს მოქალაქეებს'' - განაცხადა გენრი დოლიძემ.

ადვოკატ ილონა დიასამიძის განმარტებით, სასამართლომ შეწყვიტა ადმინისტრაციული საქმის წარმოება, რაც ნიშნავს, რომ არც წვრილმანი ხულიგნობა და არც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა სახეზე არ ყოფილა. 

''სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით გვითხრა, რომ გენრი დოლიძე არ უნდა დაეკავებიათ და მის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი არ უნდა შედგენილიყო'' - ამბობს უფლებადამცველი. 

3 აპრილს ე.წ. კომენდატის საათის გაუქმების მოთხოვნით, ბათუმსა და თბილისში აქცია გაიმართა, რა დროსაც სამი მოქალაქე დააკავეს. გენრი დოლიძე, მუსიკოსი გიგა ნაკაშიძე და ,,გირჩის’’ წარმომადგენელი ირაკლი კუკანია, რომელიც ხელწერილით მალევე გაათავისუფლეს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი