''ფორმულაში'' ტელეკომპანიის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ბრიფინგი გაიმართა. გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე მედიაზე გახშირებული ძალადობის ფაქტების გამო პროცესებში ჩართვას სთხოვს დიპლომატიურ კორპუსსა და სახალხო დამცველს.
''ეს არის გაგრძელება ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლარიზაციის და ძალადობრივი ფონის, რომელიც ჩვენ აზრით ხშირ შემთხვევაში უკავშირდება უპასუხისმგებლო რიტორიკას, რომელიც მმართველ პარტიას და მათ დეპუტატებს აქვთ. მათ მიერ ტირაჟირებული სიძულვილის ენა ყველა ასეთი პრობლემის გამომწვევი მიზეზია'' - ამბობს გენერალური დირექტორი.
მისივე ინფორმაციით, გუშინ კომენდანტის საათის დროს ტელეკომპანიის მძღოლის ავტომობილი დააზიანეს, რომელსაც ''ფორმულას'' ლოგო ჰქონდა. ჩამსხვრეულია რამდენიმე მინა, თუმცა ავტომობილიდან არფერია წაღებული.
''შემთხვევა ღამის სამ საათზე მოხდა. განხორციელდა ვანდალური აქტი. ეს არ იყო კრიმინალური შემთხვევა, მანქანიდან არაფერია წაღებული. ადგილზე მივიდა პატრული, მაგრამ არ გვქვს ინფორმაცია რა ხდება გამოძიების კუთხით. მეორე შემთხვევაც მძღოლს უკავშირდება, ის ნაცემია და აქვს დაზიანებები. რომელიც ნაცემია. მისივე თხოვნით სახელს და გვარს ვერ დავასახელებ, თუმცა შესაბამის უწყებებს ყველა ინფორმაციას მივაწვდით და დაინტერესებისკენ მოვუწოდებთ'' - განაცხადა ზუკა გუმბარიძემ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა "ფორმულას" თანამშრომელს თავს დაესხნენ. მიმდინარე წლის თებერვალში თავს დაესხნენ არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, ვახო სანაიას. ის ამ ინციდენტს თავის საქმიანობას უკავშირებს.
“ეს ფაქტი „ფორმულას“ ვერ გააჩერებს, ჩვენ არ გავჩერდებით. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ თანამშრომელზე რა ტიპის ძალადობა განხორციელდება, ჩვენ მტკიცედ გვაქვს განზრახული ის, რომ ,,ფორმულა'' იქნება მნიშვნელოვანი მედია კრიტიკული აზრის გასაჟღერებლად ამ ქვეყანაში,“ - განაცხადეს ბრიფინგზე.