ჩვენს პარტიას არანაირი კონტრაქცია არ მოუწყვია, არასამუშაო დღეს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოხატოს აზრი - თორნიკე რიჟვაძე

07 აპრილი 2021, 13:43 1013 ნახვა

4 აპრილს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეები ცოცხებით მივიდნენ. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კირთაძემ, მეორე დღეს გამართულ ბრიფინგზე,  საჯარო მოხელეები დაასახელა, რომლებმაც კონტრაქციაში მონაწილეობდნენ.

''ჩვენს პარტიას არანაირი კონტრაქცია არ მოუწყვია. კვირას, არასამუშაო დღეს, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დემოკრატიულად გამოხატოს აზრი. არ დაგავიწყდეთ, წინა ხელისუფლებამ, უსამართლო ქმედებებით  ბევრი ადამიანი გაამწარა და შეიძლება ესეც იყოს მიზეზი,თუ რატომაც ირჩევენ ამ ფორმას'' - აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. 

თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ დღეს, დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქალაქე რა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს, მისივე არჩევანია. 

''ეპიდვითარება საკმაოდ დამძიმებულია, როგორც ქვეყანაში ასევე განსაკუთრებით რეგიონში. ის ვინც აწყობს ამ ტიპის... მათ შორის პირველ რიგში დესტრუქციული ,,ნაცმოძრაობა'', რომელიც პოლიტიკურად გაკოტრებულია, ისინი მათ მთავარ პარტნიორად ირჩევენ კოვიდს. მოქმედ ხელისუფლებას აქვს კონკრეტული პასუხისმგებლობა, ნებისმიერი  რადიკალიზაცია საზოგადოებისთვის მიუღებელია. ამ გამოწვევებზე ერთობლივი მუშაობა მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ ყველაფერს, თუმცა სხვა პოლიტიკური სუბიექტები ირჩევენ აბსოლიტურად სხვა გზას. 

რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, ის ''ჩახურულია" როგორც ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ, ისე როგორც ამას ითვალისწინებს პასუხიმგებლობა, მოვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

ბათუმის მერი კი ამბობს, რომ აქციაზე საჯარო მოხელეების გასვლა არ იყო პარტიული გადაწყვეტილება და ''ქართული ოცნების'' მიერ ორგანიზებული აქცია.  

''ვერ დავეთანხმები პათოსს ჩვენი ოპონენტების, რომ ეს წახალისებული იყო სახელისუფლებო პარტიის, ან ხელისუფლების რომელიმე შტოს მიერ. ეს იყო თავისუფალი ადამიანების პროტესტის გამოხატვა. გამოხატვის ფორმასთან დაკავშირებით, ჩვენ შეიძლება ვიყოთ სუბიექტურები და შევაფასოთ მოგვწონს თუ არ მოგვწონს ამ ფორმით გამოხატვა. მაგრამ ყველა ის ადამიანი, რომელიც დასაქმებულია სხვადასხვა საჯარო უწყებაში იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, ეს იყო არასამუშაო დღე და არასამუშაო საათები.

ვიღაცა სტიკერს აკრავს, ვიღაც რაღაც ნივთით აპროტესტებს, აქედან გამომდინარე ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება. ადამიანებს გამოხატვის უფლება აქვთ, ამას ვერცერთი ადამიანი ვერ შეუზღუდავს. მე მაგალითად კვერცხის სროლა არ მომწონს, არ მომწონს ძალადობა, მაგრამ არჩევანში ყველა თავისუფალია" -განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში