თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე, სადაც მეწყრული პროცესი გააქტიურდა, სპეციალური სისტემების მონტაჟი განხორციელდება.
"გუშინ მერიაში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც იყო მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებული მეწყრული პროცესების განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ შესაბამისი დარგის ექსპერტები სხვადასხვა უწყებიდან, ასევე გერმანელი სტუმრები, პროფესიით გეოლოგ-ინჟინრები.
მიუხედავად იმისა, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურების დღიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მივიღეთ დამატებითი გადაწყვეტილება, რომ მოხდეს შესაბამისი სპეციალური სისტემების მონტაჟი, რაც კიდევ უფრო მეტი მონიტორინგის საშუალებას მოგვცემს.
სამუშაო ჯგუფის კვლევის პირველადი მონაცემები დაახლოებით კვირის ბოლოსკენ გვექნება. ადგილობრივ მოსახლეობასთან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კომუნიკაცია. ის შეზღუდვები, რაც მიმდებარე ადგილებზე არსებობდა, ძალაში რჩება“, - აცხადებს ბენდელიანი.
ბენდელიანი ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფის კვლევის პირველადი მონაცემები ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებით კვირის ბოლოს იქნება ცნობილი.
ჩვენ დავინახეთ, რომ ეს არის კომპლექსური საკითხი და არ არსებობს ერთი კონკრეტული გამოსავალი, რათა ეს პრობლემა გადაწყდეს-ასე შეაფასა ვაშლიჯვრის ფერდობზე არსებული მდგომარეობა გერმანელმა ექსპერტმა.
მისივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანია ადგილზე გამაგრებითი და სადრენაჟო სამუშაოების ჩატარება.
"ჩვენი მოწვევის მიზანია ალტერნატიული ხედვის შეთავაზება მკვლევარებისთის. გვიმუშავია ძალიან ბევრ მეწყრულ პროცესებზე. ჩვენი გამოცდილებით თითოეული მეწყერი გამოირჩევა ინდივიდუალიზმით და უნიკალური თვისებებით. იგივე შეიძლება ითქვას ამ მეწყერზეც. მინდა განვაცხადო, რომ თქვენმა ექსპერტებმა შესაბამისი საქმიანობა განახორციელეს ამ თვალსაზრისით. საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური და მისი გადაჭრის ერთი კონკრეტული გზა არ არსებობს. უნდა მოხდეს კონკრეტული, მიმდინარე პროცესის იდენტიფიცირება და შემდგომ უკვე შესაბამისი ზომების მიღება.
ის უსაფრთხოების ზომები რაც განხორციელდა არის ამბსოლუტურად სწორი, კერძოდ კი გზის დაკეტვა და შეზღუდვის დაწესება. ეს არის სავარაუდო ინიცირების ფაზა, შესაძლო მასშტაბური მეწყერის. უნდა განვახარციელოთ პირველადი ზომები, გასამაგრებელი სამუშოები, დრენაჟები და სამონიტორინგო ზომები.
უნდა შევინარჩუნოთ დიდი ყურადღება და დავეყრდნოთ შესაბამის გეოლოგიურ კვლევებს"-განაცხადა ექსპერტმა.