საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა-დავით ზალკანიანი

18 მარტი 2021, 12:44 844 ნახვა

საქართველომ კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება დაიმსახურა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე მოწინავე ასპირანტმა ქვეყანამ, რომელსაც აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა და ყველა ველოდებით იმას, რომ მომწიფდეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. ამ თვალსაზრისით, როგორც გასული წელი, ასევე მიმდინარე წელიც არის დახუნძლული მნიშვნელოვანი მოვლენებით. გასულ წელს გვქონდა ნატოს მინისტერიალი, რომელშიც პირადად მე მივიღე მონაწილეობა და მნიშვნელოვანი შედეგებით დავბრუნდით, მათ შორის 2030 წლის სტრატეგია ღია კარის პოლიტიკის თვალსაზრისით, ასევე გაფართოებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. წლევანდელი წელიც მნიშვნელოვანია. ეს წელი იქნება ერთგვარი მოსამზადებელი 2022 წლისთვის, როდესაც ჩატარდება ნატოს სამიტი და ვფიქრობ, ესეც იქნება პროგრესის ამსახველი, კერძოდ საქართველოს ღია კარის პოლიტიკის თვალსაზრისით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკანიანი განცადებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დეკლარაციაში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ 2020 წლის არჩევნები იყო კონკურენტული, თავისუფალი და დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება.

„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დეკლარაციაში ვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების შეფასებები. კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ ეს იყო კონკურენტული, თავისუფალი არჩევნები და დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება. ევროკავშირი პოზიტიურად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს იმ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რომელიც ეუთო/ოდირის დასკვნაშია ასახული. ამ მიმართულებითაც ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგი - შემუშავებულია კანონპროექტი, რომელშიც გათვალისწინებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. უაღრესად პოზიტიური შეფასება გვაქვს უვიზო რეჟიმის იმპლემენტაციის თვალსაზრისით. მნიშვნელოვნად არის შემცირებული თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა და ევროკავშირის ანგარიშში უვიზო რეჟიმის იმპლემენტაციამ მაღალი შეფასება დაიმსახურა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი