ბოლო დღეებში მიმდინარე მიკროავტობუსების მძღოლების აქციას, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის მაუწყებლის ეთერში გამოეხმაურა.
მისივე თქმით, გვჭირდება მცირე დრო, რომ მოხდეს სათანადო დაკვირვება და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არც მძღოლებს და არც მოქალაქეებს არ დააზიანებს.
"ბუნებრივია ამ საკითხთან დაკავშირებით ბათუმის მერიის ჩართულობით მიმდინარეობს აქტიური და ინტენსიური შეხვედრა. დღეს, შედგა შეხვედრა მერიაში, რაც მედიითაც გაშუქდა. ჩვენ გვჭირდება მცირე დრო, რათა მოხდეს შესაბამისი და სათანადო დაკვირვება პროცესებზე. ბუნებრივია ახლა შემცირებულია მგზავრთა ნაკადები, მაგრამ თუნდაც ეკონომიკური აქტიურობის გაზრდის ფონზე ან შემსუბუქებების ფონზე ჩვენ გვაქვს მოლოდინი პროცესში, რომ ეს ნაწილიც გამოსწორდება სტატისტიკური მაჩვენებლებით. როგორც მგზავრები და ასევე ის ადამიანები რომლებიც ამ კონკრეტულ საქმიანობას ახორციელებენ, მძღოლები მყავს მხედველობაში, არ უნდა დაზარალდნენ ისე უნდა მივიღოთ გონივრული და სამართლიანი გადაწყვეტილება."
მისივე განცხადებით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე თანხის გაზრდა არ იგეგმება.
"ამჟამად მუნიციპალური ავტოტრანსპორტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. იმ მარშრუტების ინტერვალების დაფარვა ხდება ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მას შორიც მარშუტებში ცვლილების ნაწილი თუ დაგვჭირდება, ესეც ბუნებრივია გათვალისწინებული იქნება და სამომავლოდ ამაზე ვიმუშავებთ, ისე რომ მგზავრთა გადაადგილებას საფრთხე არ დაემუქროს და შეფერხებები არ იყოს ამ მიმართულებით. რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანპორტს, არ იგეგმება არანაირი თანხის გაზრდა, აქ მერია მტკიცე იქნება პოზიციაში და თუ საჭირო იქნება სუბსიდირებას გავზრდით და არანაირად ეს ჩვენს თანამოქალაქეებზე არ უნდა აისახოს" - აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.
ბათუმიდან ხელვაჩაურის მიმართულებით, ქალაქზე შემოერთებულ ტერიტორიებზე მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები გაფიცვას განაგრძობენ, სანამ ბათუმის საკრებულო ტარიფების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ბათუმის მერიამ კი, საკითხის გადასაჭრელად 10 დღიანი ვადა ითხოვა.