სოფელ კონდიდში დაჭრის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს

04 მარტი 2021, 12:02 1489 ნახვა

ქობულეთში, სოფელ კონდიდში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული ცხელ კვალზე აიყვანეს.   გამოძიება  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით გრძელდება.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. სოფელ კონდიდში აჭარის ტელევიზიას უთხრეს, რომ დაჭრის ფაქტი ერთი კვირის წინ მოხდა, რასაც წინ ახალგაზრდებს შორის, სავარაუდოდ,  ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, შემთხვევა კი საღამოს საათებში მოხდა. დაჭრილის ოჯახის წევრმა მაუწყებელს უთხრა, რომ დაზიანებული აქვს საძილე არტერია და მისი ჯანმრთლობის მდგომარეობა მძიმეა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურში აჭარის მაუწყებელს უთხრეს, რომ გამოძახება 23 საათსა და 37 წუთზე დაფიქსირდა. დაჭრილი ჯერ ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით იგი თერჯოლაში რეფერირდა, სადაც ამ დრომდე გადის მკურნალობის კურსს.

მაუწყებელს დაჭრილის და უყვება, რომ ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება მომხდარს, მაიკო შაქარიშვილმა განმარტა, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ცივ იარაღზე კამათს მოჰყვა. თუმცა დეტალებზე საუბარი მან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ისურვა.

ბრალდებულის ბიძა ამბობს, რომ მის ძმისშვილს  წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, მისივე თქმით ბრალდებული და დაშავებული მეგობრები იყვნენ და კონფლიქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

მაუწყებელი მუშაობს თემაზე და ვრცლად 15 საათზე მოგიყვებით.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი