პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, ნიკა მელია კი კრიმინალია.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა მოქალაქე ვალდებულია კანონს დაემორჩილოს.
რაც შეეხება ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ოფისში ცრემლსადენი გაზის გაშვებას, პრემიერმა განაცხადა, რომ ეს არის აბსოლუტურად ცივილური მეთოდი.
''დღეს ჩვენ გავხდით მომსწრენი, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ვართ ძლიერი, გვყავს ძლიერი პოლიცია და ძალიან ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი. მინდა საჯაროდ ბატონ გომელაურს, ასევე მთელ პოლიციას გადავუხადო მადლობა, რომ დაიცვეს სახელმწიფოს ღირსება, სტაბილურობა.
გუშინ ვრცლად ვისაუბრე ნიკა მელიასთან დაკავშირებით. მელია არის კრიმინალი, სასამართლომ დაადგინა, რომ იგი არის კრიმინალი. ბატონი მელია გასამართლებულია ბანკი ''ქართუს'' გაკოტრების საქმეზე. ეს მეორე საქმე, რისთვისაც დღეს დილით პოლიციამ მაღალპროფესიონალურ დონეზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავა, უკავშირდება ამ შენობის შტურმით ორგანიზებას.
ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, ყველა მოქალაქე განურჩევლად მისი მდგომარეობისა და პოლიტიკური გემოვნებისა არის ვალდებული დაემორჩილოს კანონის აღსრულებას.
რაც შეეხება გამოყენებულ მეთოდებს, ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული, დემოკრატიულია ქვეყნების სტანდარტი. დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი. ის, რაც არის ევროპული, თანამედროვე, ამერიკული სტანდარტების შესაბამისი.
და ბოლოს გეტყვით იმას, რომ ჩვენ ყველა მოქალაქის კონსტიტუციურ ფარგლებში საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას დავიცავთ. ასე გვესმის კანონის უზენაესობა, მაგრამ იმ დათქმით, რომ ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში'' - განაცხადა ღარიბაშვილმა.