ბიზნესი შაბათ-კვირას მუშაობის ნებართვას, რესტორნების დახურული სივრცეების ამოქმედებას და მთის კურორტების გახსნას ითხოვს

17 თებერვალი 2021, 11:55 822 ნახვა

ბიზნესი გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის ორი საათით გადაწევას, შაბათ-კვირას მუშაობის ნებართვას, რესტორნების დახურული სივრცეების ამოქმედებას და მთის კურორტების გახსნას ითხოვს.  ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები მიმართვას ავრცელებენ. ისინი გიორგი გახარიას თხოვენ სამუშაო ფორმატში ოპერატიულად შეხვდნენ ეპიდემიოლოგებს, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, ექსპერტებს და განიხილონ საკითხები, რათა შექმნილი კრიზისიდან ქვეყნის ეკონომიკის სწრაფად გამოყვანის გზები გამოიძებნოს. 

„ბატონო გიორგი, მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნა ქვეყნის ეკონომიკურ ყველა სექტორში. პანდემიის პირობებში, დღეს კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს ანტიკრიზისული ეკონომიკური პაკეტის გაფართოება და ეკონომიკის კოლაფსის თავიდან არიდების მიზნით, ინტენსიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა კერძო სექტორთან. ძალზედ მნიშვნელოვანია ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის პროცესში, დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინება და ბიზნესის უფრო აქტიური ჩართულობა შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ეპიდემილოგიური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ამის განმსაზღვრელი ძირითადი კრიტერიუმი ე.წ. „დადებითობის მაჩვენებელი“ ბოლო 14 დღის განმავლობაში 3%-ია. ამაში დიდი როლი ითამაშა მედიკოსების, ბიზნესის, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების და მოსახლოების ერთობლივმა ძალისხმევამ.

ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ-სოციალური კრიზისიდან გამოყვანის პროცესის აქსელერაციის მიზნით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შემდგომი თამამი ნაბიჯების გადადგმა დღეს, როცა ყოველ კვირას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ამუშავდეს ეკონომიკა და სამუშაო ადგილებს ეტაპობრივად დაუბრუნდეს 200 000-მდე ადამიანი, რომელიც დღეს შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. ამისთვის აუცილებლად მიგვაჩნია:

1. „კომენდანტის საათის“ დაწყების ვადის გადაწევა ორი საათით. კერძოდ, ნაცვლად 21:00 საათისა, აღნიშნული შეზღუდვა ძალაში შევიდეს 23:00-დან. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ზეწოლას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე პიკურ პერიოდში და ასევე, მისცემს საგრძნობ ეკონომიკურ შედეგს ბიზნეს სექტორს.

2. შაბათ-კვირას მუშაობის შეზღუდვის მოხსნა იმ ბიზნეს სექტორებისთვის, რომელთა მუშაობაც ნებადართულია სამუშაო დღეებში. ეს საკითხი განსაკუთრებით კრიტიკულია საცალო სავაჭრო სექტორისთვის, რომლის ბრუნვის 40% სწორედ დასვენების დღეებში გენერირდება.

3. კონკრეტული ანტიკრიზისული პაკეტების დამუშავება დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც რეალურად მისცემს საშუალებას ცალკეული დარგებს, ოპერატიულად ამუშავდნენ. მაგლითად, საუბარია სავაჭრო ცენტრებისთვის შეღავათის მიცემაზე 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლების კუთხით.

4. 22 თებერვლიდან სარესტორნო/კვების ბიზნესისთვის მუშაობის უფლების მიცემა დახურულ სივრცეებშიც, შესაბამისი მკაცრი რეგულაციის პირობებში, რაზეც დარგის წარმომადგელნლებს შემუშავებული აქვთ კონკრეტული წინადადებები.

5. მთის კურორტების გახსნა 22 თებერვლიდან. მიუხედავად ფაქტიურად დასრულებული ზამთრის სეზონისა, სასტუმროებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლონ მინიმალური შემოსავლების გენერირება, სრული კოლაფსის და გაკოტრების თავიდან არიდების მიზნით.

6. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის არჩევა და დანიშვნა მოხდეს, ბიზნეს სექტორთან პირდაპირი კონსულტაციით და უშუალო მონაწილეობით. ამ მიმართულებით მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ შესაბამისი მოდელის დამუშავებაში, რაც ასევე გულისხმობს ობუდსმენის აპარატის საქმიანობის დაფინანსებას ბიზნეს სექტორიდან.

7. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვაცხადებთ მზაობას, ჩავერთოთ საქართველოში ვაქცინის შემოტანის და სწრაფი ვაქცინაციის პროცესში შესაბამისი ბიზნეს კონტაქტების და ფინანსური რესურსის მოძიება-გამოყენებით' - ნათქვამია განცხადებაში. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში