საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პანდემიასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები უმეტესწილად კონსტიტუციურად მიიჩნია. სასამართლომ სარჩელები მხოლოდ ერთ ნაწილში დააკმაყოფილა. ეს არის შრომითი უფლებების მოწესრიგების უფლებამოსილების მთავრობაზე არასათანადო ფორმით დელეგირება. საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაააღმდეგ შეზღუდვებს ასაჩივრებდა 4 ადამიანი. „უფლებათა შეზღუდვის დელეგირებისას პარლამენტმა არ განსაზღვრა უფლების შეზღუდვის შინაარსი, ფარგლები, მისი სახე და ინტენსივობა. - ნათქვამი იყო სარჩელში. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს არგუმენტი არ გაიზიარა და ჩათვალა, რომ სადავო ნორმები არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის სადავო ნორმებით მთავრობას მიენიჭა იზოლაციისა და კარანტინის წესების განსაზღვრისა და რიგი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის შესაძლებლობა.