საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, იტალიასა და საფრანგეთში სხვადასხვა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.
უწყების ცნობით, ოპერაცია „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში გამოვლენილია და დაკავებულია იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე - 23, პოლონეთში - 2, საბერძნეთში - 1, ბელგიაში 1 და სლოვენიაში - საქართველოს 1 მოქალაქე, რომლებიც იტალიის რესპუბლიკისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე აქტიურად ჩადიოდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს.
გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ჩრდილოეთ იტალიაში ბინებს ქურდავდნენ, მოპარულ ნივთებს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე აბარებდნენ, ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით კი ლეგალური ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას ცდილობდნენ.
''ოპერაცია „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში, ქართველმა სამართალდამცველებმა, 6-თვიანი თანამშრომლობის შედეგად, იტალიურ მხარესთან საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშეს უშუალო მონაწილეობით, არაერთხელ გაცვალეს ოპერატიული ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც ხსენებულ დანაშაულებში მონაწილეობდნენ.
საქართველოს მოქალაქეები, იტალიური საპოლიციო ძალებისათვის კვალის არევის მიზნით, აქტიურად იყენებდნენ გაყალბებულ მონაცემებსა და დოკუმენტაციას. ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებებისა და საქართველოს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით მოხდა ყველა პიროვნების იდენტიფიცირება, რომლებიც ხსენებულ დანაშაულებში მონაწილეობდნენ.
ოპერაცია „კანონიერი ქურდი“ მხოლოდ ნაწილია იმ მასშტაბური ღონისძიებების, რომლებსაც ქართველი და იტალიელი სამართალდამცველები ერთობლივად ახორციელებენ.
ასევე, 2021 წლის 9 თებერვალს, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშესა და სამინისტროს მიერ საფრანგეთის ეროვნულ პოლიციაში მივლენილი ქართველი მეკავშირე ოფიცრის უშუალო ჩართულობით, რამდენიმეთვიანი ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთობლივი ოპერაცია „BRATVA-35“ ჩატარდა.
ოპერაციის ფარგლებში, საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქებში: როშ-სურ-იონში, ნუარში, ანჟერში, ბორდოსა და რენში ქართული წარმოშობის „კანონიერი ქურდი“ - კ.ა. და საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს. ფრანგი სამართალდამცველების მიერ დაკავებული პირები ორგანიზებული დაჯგუფების წევრები იყვნენ და საფრანგეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე აქტიურად ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას'' - წერია ინფორმაციაში.