არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-მ ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც შესაძლო კორუფციულ გარიგებზე საუბრობენ. კვლევის ავტორების თქმით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ბადრი რომანაძის კუთვნილი კომპანია „ჯორჯიან სტოუნმა“ ბოლო 6 წელში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში 24 მილიონი ლარის სამუშაოებზე გააფორმა ხელშეკრულება.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ჯორჯიან სტოუნმა ხშირ შემთვევებში კონკურენტების დისკვალიფიკაციით, ან უკონკურენტო ტენდერებით მოიპოვა გამარჯვება. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიამ დაბალი ფასით მოიგო ტენდერი, ხოლო ხელშეკრულება გაცილებით მაღალ თანხაზე გაუფორმეს.
ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე კვლევის შედეგებს არ ეთანხმება. იგი ამბობს, რომ სატენდერო კომისიის თავმჯდომარეა და ყველა ტენდერი კანონის სრული დაცვით ხორციელდება, წინააღმდეგ შემთვევაში დისკვალიფიცირებული ან არასწორად დამარცხებული კომპანიები უჩივლებდნენ.
თავად ბადრი რომანაძე აცხადებს, რომ კვლევა კომპანიის დისკრედიტაციის მიზნით არაზუსტ ფაქტებზეა აგებული, რის გამოც გეგმავს დავა სასამართლოში დაიწყოს.