ეს პოლიტიკური დევნაა - ბონდო თედორაძე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე 

03 თებერვალი 2021, 13:40 1481 ნახვა

ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით ქობულეთის საკრებულოში პროცედურები დაიწყო. ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრის თქმით, ეს პოლიტიკური დევნაა. 

თედორაძე განმარტავს, რომ ის ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება და სხდომებს არ ესწრება, თუმცა ხვდება მოქალაქეებს, ატარებს ბრიფინგებს. 

ოპოზიციონერი დეპუტატის განმარტებით, საქმეს სამართალთან კავშირი აქ აქვს და ეს არის ანგარიშსწორება. 

''ქობულეთის საკრებულოში ჩემს მიმართ დაიწყო პოლიტიკური დევნის პროცესი.  იურიდიული კომისიიდან მომივიდა წერილი, რომ 6 თვის განმავლობაში, თითქოს არასაპატიო მიზეზით არ ვცხადდები საკრებულოში, არ იციან სად ვარ და შესაბამისად დაიწყო საქმის წარმოება ჩემი უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე.  ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნის საკითხი. არ ვაღიარე გაყალბებული არჩევნები და ვარ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში, ე.წ. თავისუფლების კვარტალში ვათენებ და ვაღამებ.შესაბამისად არასაპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება საკრებულოს სხდომებში მონაწილეობის არ მიღება. იურიდიულადაც კი არ არის ეს ხალხი ჩემს წინაშე მართალი, იმიტომ რომ საკრებულოს მუშაობა, იმ მუხლით რომლითაც მე მედავებიან, 6 თვის მანძილზე არ გულისხმობს მხოლოდ სხდომებში და კომისიების მუშაობაში მონაწილეობის მიღებას. საკრებულოს წევრს ასევე აქვს უფლება შეხვდეს ამომრჩევლებს, მოქალაქეებს, მიიღოს ფრაქციის სხდომებში მონაწილება, სიტყვით მიმართოს პიროვნებებს, გამოითხოვოს ინფორმაცია, ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები, ბრიფინგები გულისხმობს საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობას. 

თუ აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ მე ხელფასი არ მექნება და ეს ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიება იქნება,  მინდა ვუთხრა, რომ ასობით ამომრჩეველი დგას ჩვენს ირგვლივ, რომლებსაც 8 წლის მანძილზე ხელფასი არ აუღიათ, დევნას განიცდიან, მაგრამ ჩვენს გვერდით დგანან'' - აცხადებს ბონდო თედორაძე. 

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია გადაუგზავნეს თუ არა ბონდო თედორაძეს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ცნობა.  ​ნათია თხილაიშვილის განმარტებით, მხარდაჭერა ექნება მხოლოდ კანონს და არა პიროვნულად კონკრეტულ სახელსა და გვარს. 

''ოფიციალურად, ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე არ იყო განხილული, ანუ უფლებამოსილების შეწყვეტა დაწყებულიყო თედორაძეზე. 29 იანვრის სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ იურიდიულ კომისიას დაავალა, კომისიის და ფრაქციის სხდომებზე ყველა დეპუტატის დასწრების მოკვლევა. კონკრეტული გვარი არ დასახელებულა.შემდეგი სხდომისთვის უნდა დაედო იურიდიულ კომისიას მოკვლევა ვინ როგორ ესწრება. თუ 6 თვის განმავლობაში არ დასწრებია არცერთ სხდომას, კომისიის და ფრაქციის მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია, ეს არის რეგლამენტით  გაწერილი და არა პიროვნულად სახელ-გვარებზე.  ჩვენამდე ჯერ არ მოსულა მოკვლევა არც ბონდო თედორაძეზე და არც სხვა დეპუტატებზე. 

მხარდაჭერა ექნება მხოლოდ კანონს და არა პიროვნულ სახელ-გვარებს. თუ კანონით არ ეკუთვნის უფლებამოსილების შეწყვეტა არ შეუწყდება არვის, თუ ეკუთვნის შეუწყდება ყველას ვინც არ უნდა იყოს'' - განაცხა ნათია თხილაიშვილმა. 

 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი