საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები წლის პირველ შეხვედრას დღეს 2 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ, გამართავს.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის თამაშისთვის, ნაკრები უკვე ერთი კვირაა ემზადება. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებს ირაკლი თოდუა ვერ დაეხმარება.
ლიმასოლის აელის ქართველი ლეგიონერი პანდემიის გამო ქვეყნებს შორის დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის გამო მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საქართველოს ნაკრები უახლოეს მატჩებს ტრავმირებული სიმი საიოტის გარეშე გამართავს.
საქართველოსა და მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონის რუსეთის შეხვედრა დღეს 18:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შედგება. პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.
ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საფრანგეთისა და საქართველოს მატჩი ფრედ 4:4 დასრულდა, რუსეთმა კი სომხეთი 6:0 დაამარცხა.