ირაკლი ჩავლეიშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე დაკავებულ ირაკლი ფანგანს ბრალი დევნის მუხლით წარედგინა

25 იანვარი 2021, 16:38 1441 ნახვა

ირაკლი ჩავლეიშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე, მოძრაობა "ალტერნატივას" წევრ ირაკლი ფანგანს ბრალი წარედგინა.

დაკავებულის ადვოკატის განმარტებით, მას ბრალი დევნის მუხლით წარედგინა, რაც ჯარიმას, შინაპატიმრობას ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ირაკლი ფანგანს წარედგინა ბრალი 156 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით. ამ ეტაპისთვის ის იყენებს დუმილის უფლებას. თავდაპირველად დაკავებული იყო განჩინებით, რაც ითვალისწინებდა ხულიგნობასა და დევნას. თუმცა, შემდგომისათვის მოხდა დაზუსტება და ამ ეტაპზე წარდგენილი აქვს ბრალი დევნის მუხლით. სავარაუდოდ, პროკურატურა სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიებისათვის  დღეს მიმართავს  და პროცესი ხვალისთვის ჩაინიშნება. ეს საქციელი შესაძლოა საზოგადოების მხრიდან არ იყო მოსაწონი, თუმცა კონსტიტუციურად ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში და შესაბამისად მისი ქმედება არ შეიძლება, რომ შეფასდეს როგორც დანაშაული. ჩვენ მოვითხოვთ გირაოს. საქმის მასალები უკვე გადმოგვეცა თუმცა ბოლომდე ჯერ ვერ გავეცანი" - განაცხადა მალხაზ ზოიძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრმა რამდენიმე დღის წინ თავზე ნაგავი დააყარა. ინცინდენტი ევროპის მოედანზე მოხდა.

ამ ფორმით  აჭარის უმაღლეს საბჭოში ირაკლი ჩავლეიშვილის შესვლა გააპროტესტეს.

აჭარის უმაღლეს საბჭოში ირაკლი ჩავლეიშვილი ერთადერთი ოპოზიციური წევრია, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე თანხმობა განაცხადა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი