დემოკრატები“ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს ისევ მოითხოვენ. ამერიკული მედია წერს, რომ ორშაბათს ტრამპის ოპონენტები შესაბამისი რეზოლუციის წარდგენას და იმ მუხლების დასახელებას აპირებენ, რომლითაც ისინი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს იმპიჩმენტს გამოუცხადებენ.
ეს იქნება პირველი შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში, როდესაც თეთრი სახლის ლიდერის იმპიჩმენტს კანონმდებლები მეორედ ეცდებიან. „დემოკრატები“ ტრამპს აჯანყების წაქეზებაში სდებენ ბრალს და ამტკიცებენ, რომ ტრამპის ქმედებები ეროვნულ უსაფრთხოებას და კონსტიტუციას ემუქრებოდა. როგორც „სიენენი“ იუწყება, იმპიჩმენტის ინიციატივას კონგრესმენები ხვალ წარმომადგენელთა პალატაში წარადგენენ.
ამასთან, როგორც ამერიკული მედია იუწყება, დემოკრატების ინიციატივას ჯერ არც ერთმა „რესპუბლიკელმა“ არ დაუჭირა მხარი. ექსპერტების თქმით კი, იმ შემთხვევაში, თუ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა მომდევნო კვირაში დაიწყება, სენატს ამისთვის ფაქტობრივად დრო არ ეყოფა. დემოკრატები კი აცხადებენ, რომ აღნიშნული რეზოლუციით ტრამპისთვის სამომავლოდ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების აკრძალვა სურთ.