„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ე.წ. ელიტური კორუფციის გამოუძიებელი შემთხვევების აღრიცხვას იწყებს. ორგანიზაციის განცხადებაში წერია, რომ საქართველოში კორუფციული დანაშაულის აღკვეთაზე პასუხისმგებელი ორგანოები (გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) მეტწილად ქმედითი რეაგირების გარეშე ტოვებენ კორუფციის ისეთ შემთხვევებს, სადაც ფიგურირებენ მაღალი თანამდებობის ანდა მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები, მოყვანილია რამდენიმე მაგალითიც.
მაგალითისთვის, მოჰყავთ სუს-ის 2018 წლის (ბოლო) ანგარიში, საიდანაც მათი განმარტებით ჩანს, რომ უწყება ძირითადად დაბალი დონის შემთხვევებზე რეაგირებს – ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც სუს-მა დააკავა, მერი და ყოფილი გუბერნატორი იყვნენ. რეაგირების გარეშე რჩება ისეთი შემთხვევებიც, რომელთა შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პერიოდულად პირდაპირ აწვდის საგამოძიებო ორგანოებს.
ორგანიზაცია აქვეყნებს იმ საქმეების ჩამონათვალსაც, სადაც მათი განცხადებით, მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის ნიშნები იკვეთება. ანგარიშს უკვე გამოეხმაურა ოპოზიცია და მმართველი გუნდი.