საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტში არსებული ოპოზიციური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას და უფასო საეთერო დროით სარგებლობის უფლების შეწყვეტას ითვალისწინებს, დღეს რიგგარეშე სესიაზე გავა. განხილვა დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით გაიმართება. კანონში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. ამასთან, პარტია მომავალი წლის დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას. იგივე პრინციპი ვრცელდება ერთ ბლოკში გაერთიანებულ პარტიებზე.