პოლიციამ მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

20 დეკემბერი 2020, 00:23 1414 ნახვა

​შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი, რომელიც ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, ამჟამად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. მუქარის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.მ., რომელიც გლდანის რაიონში, ახლობელთან სტუმრად იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, თან ნაქონი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება.

პოლიციელებმა გ.მ.-სთან აქტიური მოლაპარაკებების შედეგად შეძლეს სიტუაციის დროულად განმუხტვა და მისი დაკავება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მუქარას გულისხმობს“, - აღნიშნულია, უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში