ან ივანიშვილი ნიშნავს არჩევნებს, ან ოპოზიცია დაიწყებს მშვიდობიანი აქციებისთვის მზადებას- მელია

18 დეკემბერი 2020, 16:29 965 ნახვა

„ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა დასრულდა. ნიკა მელია ამბობს, რომ ახალი არჩევნები არის საკითხი, რომელიც არ გადაიხედება. მისივე თქმით, გეგმა უკვე არსებობს, თუმცა საკითხზე ჯერ ვერ ისაუბრებს. 

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მოუწოდებს თავი შეიკაონ თავდასხმებისგან, რადგან ეს მათთვის სასაგებლოდ არ გამოიყურება

''არის გეგმა, რომელიც არ არის აუცილებელი ახლა თქვენ იცოდეთ. ან ივანიშვილი ნიშნავს არჩევნებს, ან ბუნებრივია ოპოზიცია დაიწყებს მშვიდობიანი აქციებისთვის მზადების პროცესს. 

როდესაც ყველა ინსტიტუტს აუქმებ, როდესაც ერთი კაცის პარლამენტი გაქვს, როდესაც სასამართლო სისტემა აღარ არსებობს და სახელმწიფო აღარ ფუნქციონირებს, ის პროტესტი, რომელიც  საზოგადოებაში არსებობს და მხოლოდ და მხოლოდ აზვირთდება, ბუნებრივია ეს პროტესტი გადაიზრდება უკმაყოფილებაში. 

გადაიზრდება და ტრანსფორმირდება,  დიახაც მშვიდობიან რევოლუციად.  მშვიდობიანი რევოლუცია არის, როდესაც არჩევნებს არ გიტარებ. 

ამ ქვეყანაში ყველა ობიექტური მოქალაქე არის ღრმად დარწმუნებული, გარდა აჟიტირებული სუბიექტური მოქალაქეებისა, რომლებიც წარმოადგენენ ''ქართულ ოცნებას'', რომ არჩევნები გაყალბდა. გაყალბებული არჩევნებითაც უმცირესობამ  გაიფორმა უმრავლესობა'' - განაცხადა ნიკა მელია.  

ნინო ბურჯანაძის თქმით, აქციები იქნება, თუ ხელისუფლებასთან ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმება ვერ შედგება. 

''ბუნებრივია განხილვის თემა იყო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების და იმ ადამიანების გადაწყვეტილება, რომლებმაც განცხადებით მიმართეს  პარლამენტს სადეპუტატო მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ვიმსჯელეთ, რომ ჩვენი რეაგირება უნდა მოჰყვეს იმ უმსგავსობას, რომელიც გახმოვანდა კობახიძის პირით. პრაქტიკულად პარტიებს განადგურებით და გაუქმებით დაემუქრნენ, აღარაფერს ვამბობ ფინანსურ განადგურებაზე. შემდეგ თავისუფალი მედიის ჯერიც დადგება.

გაზაფხულზე ნამდვილად ვაპირებთ აქციებს. ამის სურვილი ნამდვილად არ გვაქვს. თუ ხელისუფლებასთან რაიმე შეთანხმება მოხდება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით რაც არის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი, რა თქმა უნდა არანაირი აქციები არ იქნება'' - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

''ევროპული საქართველის'' ლიდერის განცხადებით,  ოპოზიციის ერთიანი პოზიცია  მშვიდობიანი, ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა.

''ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყანას ააცილოს ავტორიტარიზმის შემდეგ ფაზაში გადასვლა, რაც ყველა მოქალაქისთვის კატასტროფული შედეგის მომტანია. ასევე თავიდან ააცილოს დიქტატურისკენ სვლა და ბრაზიანი რეაქცია საზოგადეობის გინდა მშვიდობიანი და გინდა არამშვიდობიანი გზით. ორივე მნიშვნელოვანი ამოცანა გვაქვს. ამიტომ არის ერთიანი პოზიცია მშვიდობიანი, ვადამდელი არჩევნების ჩატარების და ამის გარშემოა გაერთიანებული პოზიციები" - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში