"ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატურები ოფიციალურად დაასახელა

10 დეკემბერი 2020, 18:12 1651 ნახვა

პარტია "ქართულ ოცნებაში" საბოლოო კონსულტაციები დასრულდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილებები, თუ რომელი კანდიდატები იქნებიან წარმოდგენილი საკვანძო პოზიციებზე.

მისივე განმარტებით, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ არჩილ თალაკვაძე იქნება, ხოლო მისი პირველი მოადგილის პოსტს გია ვოლსკი დაიკავებს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა იქნება და მისი ძირითადი ფუნქცია საგარეო პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა იქნება. პარლამენტის თავმჯდომარის კიდევ ერთი მოადგილის პოსტს დავით სერგეენკო დაიკავებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოზიციაზე გუნდის გადაწყვეტილებით ირაკლი კობახიძეა წარმოდგენილი. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე კი, მამუკა მდინარაძე იქნება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენილი იქნება ანრი ოხანაშვილი. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ მიხეილ სარჯველაძე იქნება, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი ბერაია, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი ქადაგიშვილი.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება სოზარ სუბარი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენილია დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – ნინო წილოსანი.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე იქნება. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ ბლოკს – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იქნება ნიკოლოზ სამხარაძე, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია. სოციალური ბლოკი – ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იქნება დიმიტრი ხუნდაძე, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

ხვალ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში