ოპოზიციამ ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერა - ოპოზიცია მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე

08 დეკემბერი 2020, 21:10 1519 ნახვა

აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს.

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერა.

"მე შემიძლია გითხრათ, ჩემი პარტიის პოზიცია. პარლამენტში არ შევდივართ, არ უნდა შედგეს პარლამენტი, პარასკევს დარბაზში უნდა იჯდეს მხოლოდ „ქართული ოცნება“ სამარცხვინოდ, მთელი მსოფლიოს თვალწინ კიდევ ერთხელ უდნა გაშიშვლდეს ივანიშვილის დანაშაულებრივი ბანდა. შეხვედრაზე ჩვენ დავაფიქსირეთ იგივე პოზიცია, რომ ახალი არჩევნების გარეშე, პარლამენტში არ შევდივართ. ოპოზიციამ ხელი მოაწერა დეკლარაციას იმის თაობაზე, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ელჩების თხოვნიდან გამომდინარე, მოლაპარაკების დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

"ძალიან ცხარე კამათი იყო ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რაღაც საკითხებზე შევთანხმდით, რაღაცაზე ვერა, ლამის ვეხვეწე ელჩებს, რომ მომცენ უფლება, ვილაპარაკო დეტალებზე, რათა ხალხმა გაიგოს, რაზე ვლაპარაკობ. ერთი სული მაქვს, ხალხს მოვუყვე, რაზე მიდის ლაპარაკი, რაზე ვარ მე პირადად თანახმა, რაზე არა. „ქართული ოცნება“ რას ითხოვს და იხვეწება, არ მაინტერსებს. ელჩებმა დაჟინებით გვთხოვეს, ლამის გვეხვეწნენ, რომ გთხოვთ, არ მოყვეთ დეტალებიო. შესაბამისად, ისევ უნდა ვიწვალო, თუმცა დათქმაა, რომ ძალიან მალე უნდა შევხვდეთ და გაგრძელდეს ეს ყველაფერი. უსინდისო ვიყო, ერთი სული მაქვს, დეტალებზე ვილაპარაკო და ყველას გავცე შესაბამისად პასუხი, აქ რაზე ვლაპარაკობ, რისთვის ვარ მზად. არანაირად არ შევდივარ პარლამენტში და ვინც მე ამას მაბრალებს, რომ მე შევედი პარლამენტში, არის უბრალოდ ტუტუცი და სათითაოდ გავცემ ყველას პასუხს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარტია "ლელოს" ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება, ოპოზიციური პარტიები გააგრძელებენ ბოიკოტს.

"ოპოზიცია არის ერთიანი იმაში, რომ თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება, ოპოზიციური პარტიები გააგრძელებენ ბოიკოტს. ამაში ყველანი ვართ ერთიანი. არსებობს ყველასთვის ცნობილი 4 ძირითადი საკითხი; ვადამდელი არჩევნები. პოლიტიკური პატიმრების საკითხი, საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირების საკითხები. პირველ ორ საკითხზე დაშორებულები ვართ ერთმანეთისგან, მესამე და მეოთხე საკითხებზე, გარკვეულწილად, დავახლოვდით“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ყველაფერს აკეთებენ მოდერატორები, რომ პოზიციების დაახლოება მოხდეს.

"ყველაფერს აკეთებენ მოდერატორები, რომ პოზიციების დაახლოება მოხდეს. მთავარია, რომ პროცესი მიდის. არ ვიცი სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესი, პირდაპირ გეუბნებით. თუმცა ჩვენ, "სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი მზად ვართ, რომ ბოლომდე მივიღოთ პროცესში მონაწილეობა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრებზე პოზიციების დაახლოება არ ხდება. საარჩევნო გარემოსა და სისტემაზე კი, გარკვეული კონტურები გამოიკვეთა.

"დღესაც ფასილიტატორების მხრიდან იყო თხოვნა, რომ მინიმალური ინფორმაცია გაიცეს, პატივს ვცემ  ამ თხოვნას და არ გავახმოვანებ "ქართული ოცნების" პოზიციებს. "ქართულმა ოცნებამ" თავად ილაპარაკოს. მაგრამ შემიძლია ვილაპარაკო ჩვენს პოზიციებზე. მოლაპარაკებაზე არის 4 ძირითადი საკითხი, რაც ოპოზიციისთვის არის მნიშვნელოვანი, პირველი არის რიგგარეშე არჩევნები, მეორე პოლიტპატიმრები, მესამე საარჩევნო სისტემის შესაძლო ცვლილებები და მეოთხე საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც განაპირობებს საარჩევნო გარემოს შეცვლას. პირველ ორ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ფუნდამენტური სხვაობა პოზიციებს შორის და შეთანხმების რესურსი არ ჩანს. ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ ამის გარეშე არ განვიხილავთ კრიზისის მოგვარებას და პარლამენტში შესვლას. მესამე საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კომპრომისები იყო, რაც შეეხება მეოთხე საკითხს, აქ არსებობს საკითხები, უფრო მეტად ტექნიკური, სადაც შეთანხმება შესაძლებელია," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში