ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე პროკურატურა მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს 

04 დეკემბერი 2020, 11:12 2000 ნახვა

საქართველოს პროკურატურა ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს. 

უწყების ცნობით, საუბარია ბრალდებულების მიმოწერაზე.

''მიმოწერა ადასტურებს, რომ ბრალდებულები მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად,თ.გ.-ს ემუქრებოდნენ მათ შორის იმით, რომ ”ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დააპატიმრებდნენ. ბრალდებული ა.კ. ბრალდებულ ა.ხ.-ს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას: „ხატიამ ცესკოს დასაჭერ გამყალბებელთა სიაში შეგიყვანაო, ეს მივწერე“. ა.კ. გარდაცვლილს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს: „რა ქენი თედო ასეთი, ცესკოს დასაჭერთა სია ვნახე და იქ წერიხარ, ხატიამ ჩაგვაწერინა“, ასევე - „არ დაგეკარგება, შენს სახელზე შეინახება“, რაშიც ბრალდებული თ.გ.-სთვის ქრთამის სახით შეთავაზებულ 50.000 აშშ დოლარს გულისხმობს'' - წერია პრკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც თან ახლავს ფოტომასალაც. 

პროკურატურის ინფორმაციით, სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, ბრალდებულების მიმართ არ არსებობს სათანადო მტკიცებულებები,  საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

'' შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ქ. თბილისში, ა.ხ. და ა.კ. შეხვდნენ ქ. თბილისის ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თ.გ.-ს და პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მედიის თანდასწრებით განცხადების გაკეთება შესთავაზეს, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა, რის შემდეგაც მას დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. ბრალდებულები ისნის კომისიის თავმჯდომარეს უარის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაპატიმრებით და მისი და ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. ასევე, ა.კ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2020 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ინახავდა საბრძოლო მასალას, რომელიც მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული'' - აცხადებენ პროკურატურაში. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში