დღეიდან ოპოზიცია ''გასტროლიორი'' სცენარისტის მიერ მოფიქრებულ სცენარზე გადავიდა - ტიტე აროშიძე

30 ნოემბერი 2020, 18:02 1643 ნახვა

გამომდინარე იქედან, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს ამ ხნის განმავლობაში ხალხის მობილიზებას და ვერც ტემპერატურის აწევას, დღეიდან ისინი გადავიდნენ ახალ სცენარზე, რომელიც არის ,,გასტროლიორი'' სცენარისტის მიერ მოფიქრებული - ეს განცხადება ''ქართული ოცნების'' ოფისში გაკეთდა. 

ტიტე აროშიძის თქმით, ე.წ. ოპოზიცია დესტრუქციული ქმედებებით ცდილობს მოსახლეობის ყურადღების მიქცევას. ''ქართული ოცნების'' დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობის სახლის წინ არის ანტისანიტარია და ვირუსის გავრცელების დიდი რისკია. 

აროშიძე ამბობს, რომ გამარგინალებული ოპოზიცია და ''ნაციონალური მოძრაობა'' დღეს მთავრობის სახლის მიმდებარე კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობასაც დაუპირისპირდა.

''აჭარის მთავრობის სახლთან, რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს ე.წ. ოპოზიციის მცირერიცხოვანი აქცია, სადაც არის განთავსებული კარვები, ანთია კოცონი, არის ანტისანიტარია, ჩახერგილია გზები და რაც ყველაზე მთავარია არ არის დაცული არანაირი რეკომენდაცია, რაც ვირუსის გავრცელების რისკს კიდევ უფრო ზრდის. 

ამასთანავე ყოველდღიურად არის მცდელობა მოახდინონ დესტრუქცია, შედიან კონფლიქტში როგორც მთავრობის დაცვის წევრებთან, ასევე პოლიციასთან და ცდილობენ მოახდინონ ტემპერატურის აწევა, რაც მათი ბოლო მცდელობაა შეიძლება ითქვას. 

დღესვე  დაფიქსირდა ის, რომ მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ახლომდებარე კორპუსებში, ოპოზიცია მათთან დაპირისპირებაში შევიდა. დღეს, თითქოსდა მოსახლეობის პრობლემების მანტიით, აპირებდნენ მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას და ამით იმ საქციელის გამართლებას, რომ კიდევ ერთხელ უნდოდათ არეულობის შეტანა, მაგრამ  მინდა ვთქვა, რომ მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის სხვა წევრები ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან მოსახლეობას დღის განმავლობაში და მოქალაქეებთან შეხვედრა პრობლემა არ არის.

ჩვენ ვიცით, რომ ის სცენარისტები, რომლებიც უწერენ სცენარს და მთავარი სცენარისტი, რომელიც გასტროლიურად უზით მათ უკრაინაში, კარნახობს იმ ბოლო სტრიქონებს, რომლითაც უნდა განახორციელონ ბოლო დღეების სცენარები და ზურგსუკან ამოფარებული მათ ლიდერები ადევნებენ ყველაფერ ამას თვალს. მე მინდა მოვუწოდო ყველას, მოსახლეობას, აქციის მონაწილეებს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე''- განაცხადა ტიტე აროშიძემ.

მისივე განცხადებით, თუ ისინი გავლენ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, რა თქმა უნდა, ამას ექნება შესაბამისი პასუხისმგებლობა.

''შსს-ს თანამშრომლები იცავენ მათ უსაფრთხოებას და თავისთავად ცხადია, რომ ისინი 24 საათიან რეჟიმში გააგრძელებენ მორიგეობას და აარიდებენ ქალაქს იმ დესტრუქციას, რის განხორციელებასაც აპირებს დღეს ოპოზიცია. უსიამოვნოა ის ფაქტი, რომ ჩახერგილია ცენტრალური მაგისტრალი, არის განსაკუთრებული ანტისანიტარია. იმ ფონზე, როცა კოვიდი მძვინვარებს, ასეთი ანტისანიტარიის პირობებში შესაძლოა რომელიმე ახალი ენეტეროვირუსის ეპიდემიაც გააჩინონ. ასე, რომ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და ჩარჩოები და მოვუწოდებთ ყველას მოექცენ ამ ჩარჩოებში'' - განაცხადა აროშიძემ. 

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რომელიც უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მთავრობის სახლში შესვლის თემას ეხებოდა. ''ქართული ოცნების'' წევრი ასე პასუხობს: ''უმაღლესი საბჭოს წევრს, შესაბამისი პროტოკოლის დაცვით, შეუძლია მოხვდეს მთავრობის თავმჯდომარესთან. თავმჯდომარესთან პირდაპირ კარის შეღება და შესვლა პროტოკოლით არ არის გათალიწინებული. პროტოკოლის დაცვით ძალიან ბევრი, მათ შორის უმაღლესი საბჭოს წევრი ხვდება მთავრობის თავმჯდომარეს. ბუშტების გაშვება დარღვევა არ არის, მაგრამ მთავრობის შენობაზე ბუშტების მიმაგრება და ნებისმიერი სხვა სტიკერის, ან პლაკატის მიმაგრება, არის მთავრობის დაცვის პასუხისმგებლობის საკითხი და შესაბამისად პოლიცია ჩაერთო ამ სიტუაციაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნებისმიერი კონსტიტუციიდან გასულ ქმედებას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება" - განაცხადა ტიტე აროშიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში